ეს სიტყვები 6 წლის წინ თქვა - 2020 წლის 22 თებერვალს. ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კონკრეტული ჯგუფების და მათ შორის სასულიერო პირების უმძიმესი ბრალდებებისა და თავდასხმების ობიექტი იყო. ჰყავდა კონკრეტული ადრესატებიც, თუმცა მაშინ მაინც დუმილი არჩია.
ეკლესიასა და მის წინამძღოლზე მიტანილი იერიშების შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდა სახელისუფლებო გუნდი. მაშინაც და ახლაც, როდესაც უწმინდესი ცოცხალი აღარ არის, ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ილია მეორეზე ღია თავდასხმები ორკესტრირებული და უცხოეთიდან დაფინანსებული იყო. მიზანი კი საზოგადოების პოლარიზება.
პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს მრავლად ინახავს არქივი. პოლიტიკოსების მიერ წლების წინ ნათქვამი უმძიმესი სიტყვები, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელშიც.
ამ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარე, უცხოელი დონორების მხრიდან ორგანიზებულ ანტიქართულ კამპანიას უწოდებს და პროპაგანდას, რომელსაც საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ პასუხი 22 მარტს გასცა, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი უკანასკნელ გზაზე დიდი პატივით გააცილა.
ენჯეოებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, პატრიარქის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებულ კამპანიაში ჩართული იყვნენ აქტივისტები,გარკვეული მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები, რომლებიც ილია მეორეს ხან უმძიმეს ცოდვას აბრალებდნენ, ხან რუსეთის აგენტობას, ხან კი ძალადობრივი აქციების ორგანიზებას.
დღეს ოპოზიციის ნაწილი ამბობს რომ პატრიარქზე თავდასხმა მიუღებელია , თუმცა აქვე ამტკიცებენ, რომ ერის სულიერი მამის, თითოეული შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული.
უმრავლესობისთვის ამორალური და ცილისმწამებლურია ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომლის მიზანიც ეკლესიის, როგორც ეროვნული იდენტობის მთავარი საყრდენის დაზიანებაა. განგრძობადი კამპანიის ფონზე, მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ უსაფუძვლო თავდასხმებზე, ქართველი ხალხის პასუხი უფრო მკაცრიც იქნება.
მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ უწმინდესი ზუსტად ისე გააცილა, როგორც პატრიარქის საქართველოს შეეფერებოდა. 2 დღის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა, სულიერი მამის წასვლით დამწუხრებული მთელი ერი და გზა, რომელიც მხოლოდ ტაძრამდე მიდიოდა.