კშიშტოფ ბრეიზა, მიხარ შჩერბა, ანდრეი ჰალიცკი - "ევროპის სახალხო პარტიის" სამი წევრი სამი ქართული ტელევიზიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას, ერთ ერთი ოპოზიციური ტელეარხი, EPP-ის წევრების მიერ მომზადებულ დოკუმენტთან ერთად ავრცელებს.
რა მტკიცებულებებსა და არგუმენტებს ეფუძნება ეს ბრალდებები? - შეკითხვით ევროპის სახალხო პარტიის სამივე წევრს მივმართეთ და პასუხთან ერთად, იმ დოკუმენტის გადმოგზავნაც ვთხოვეთ, რომელიც ოპოზიციურ არხს თავად გაუზიარეს, თუმცა პოლონელი დეპუტატები, მხოლოდ გარკვეულ მედიებთან თანამშრომლობენ.
მიზეზი, "ქართული ოცნების" თქმით, დამოუკიდებელი მედიების შეზღუდვა და რეალური ინფორმაციის დაფარვაა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ამ დრომდე კონკრეტულ მედიების მიმართ მხოლოდ მტკიცებულებების გარეშე, უარგუმენტო ბრალდებები, ისმის.
უცხოელი პოლიტიკოსების ტრადიციულად და უაპელაციოდ სჯერა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ღიად ამბობს, რომ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას მიესალმება.
ევროპის სახალხო პარტიის პოლონელი წევრების და ოფიციალური ვარშავის უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ მმართველ გუნდში. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს პოლონეთის მთავრობის ანტიქართული პოლიტიკა არ უკვირს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოფიციალური ვარშავა იყო ერთ ერთი ინიციატორი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების, რამდენიმე წლით ადრე კი სწორედ პოლონელი ექიმები ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.
"ქართული ოცნება" კონკრეტულ პოლონელ ევროპარლამენტარებს ზეწოლაში, შანტაჟსა და დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე