13 აგვისტო 2026,   15:33
ვრცლად
ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასასრული - საერთაშორისო გამოხმაურება პატრიარქის გარდაცვალებაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდებს იხდიან, არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა საეკლესიო მსახურება ბუქარესტში საპატრიარქო რეზიდენციის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინა. რუმინული ეკლესიის წინამძღვარმა თბილისში წერილიც გამოგზავნა, რომელშიც ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

რუმინეთის პატრიარქის თქმით, სიბრძნე იყო მთავარი ძალა, რომლითაც უწმინდესი თითქმის 50 წლის განმავლობაში საკუთარ ხალხს და ეკლესიას ემსახურა. კათალიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერშიც. ღვთისმსახურებას რუმინეთის მღვდელმსახურები, ოფიციალური პირები და რუმინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. პატრიარქი უკანასკნელ გზაზე თითქმის მთელმა საქართველომ გააცილა.

არიან ისეთები, ვინც სამშობლოში ჩამოსვლა ვერ შეძლო, თუმცა ერის მამას პატივი ემიგრაციაში მიაგო. ისრაელში, ქალაქ ლუდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში უწმინდესის გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი შედგა. სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდა სამხრეთ აფრიკაშიც. ილია მეორის ხსოვნასთან დაკავშირებული საეკლესიო მსახურება იოჰანესბურგში, მელ-როუზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდა. ღვთისმსახურებას სამძიმრის წერილები ანაცვლებს საქართველოს საელჩოებში.

ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებმა წიგნაკში ჩანაწერი რომში საქართველოს საელჩოში გააკეთეს. ქართველ ერს, მოსაყდრე შიოს და სინოდის წევრებს სულიერი მამის გარდაცვალება მიუსამძიმრა რომის პაპმა. პატრიარქი, რომელიც ყველა მძიმე და ეპოქალური ცვლილებების დროს საკუთარი ხალხის გვერდით იდგა - სწორედ ასე აღწერს ლეო მეთოთხმეტე ილია მეორეს.

პატრიარქს გამოსამშვიდობებელი წერილები დაუტოვეს ირლანდიაშიც. დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ირლანდიის საელჩოში იმყოფებოდნენ. სამოქალაქო სოლიდარობის გამოცხადება ქართველებს და არა მარტო ქართველს ბარსელონაშიც შეუძლიათ. საქართველოს გენერალურ საკონსულო მრევლის გარდა მასპინძლობს პოლიტიკოსებს.

ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ესპანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, ბარსელონის მერიის და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა. პატრიარქის მაღალი მორალური ავტორიტეტი და პატივისცემა იგრძნობა ყველა იმ წერილსა თუ განცხადებაში, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველო იღებს. მათ შორისაა ინგლისის მეფე ჩარლზი. ილია მეორის გარდაცვალებით საქართველოში უდიდესი ეპოქა დასრულდა, დასრულდა თითქმის ნახევარ საუკუნოვანი 49 წლიანი უწყვეტი პატრიარქობა. ღმერთის, სიყვარულის, სამშობლოს და ადამიანობის მქადაგებელს ასობით ათასმა ადამიანმა გულწრფელი სიყვარული გააყოლა.

დღის ამბები