ორასზე მეტი დაშავებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა - უკვე მეორე დღეა, ისრაელში ცდილობენ გაარკვიონ, რატომ ვერ შეძლო "რკინის გუმბათმა" და "დავითის შურდულმა" ქვეყნის სამხრეთით, დიმონასა და არადის მიმართულებით გასროლილი ორი ბალისტიკური რაკეტის მოგერიება. ჯერჯერობით უცნობია ისიც, დაზიანდა თუ არა დარტყმის მთავარი სამიზნე - ისრაელის ბირთვული კვლევის ობიექტი.
მოკავშირესთან ერთად, ირანზე დარტყმების განხორციელებას განაგრძობს ისრაელიც. ძლიერი აფეთქებებია თეირანის, ალბორზის, ფარსის, ჰორმოზგანისა და ბუშირის პროვინციებში. "ცაჰალისა" და პენტაგონის სამხედროებმა იერიშები მიიტანეს სარაკეტო წარმოების ობიექტებზე, სამხედრო ბაზებზე, პოლიგონებზე, აეროპორტებსა და მართვის პუნქტებზე.
პარალელურად, გრძელდება სახმელეთო ოპერაციაც. გამოცემა "აქსიოსი", ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, წერს, რომ "ცაჰალი" ლიბანში კამპანიის გაფართოებას გეგმავს. მიზანი კი მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის დაკავება და რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" სამხედრო ინფრასტრუქტურის სრული დემონტაჟია.
სამკვირიანი საომარი დაპირისპირების შემდეგ, ვაშინგტონმა თეირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და კონკრეტული პირობებიც წამოაყენა. ამერიკული მხარე ითხოვს ურანის გამდიდრების და ბირთვული იარაღის შექმნის პროცესის სრულ შეწყვეტას, სარაკეტო პროგრამის არსებით შემცირებას და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების დაფინანსების შეჩერებას, ასევე ჰორმუზის სრუტის გახსნას.
თეირანის პასუხამდე, მედია ირანის მოთხოვნების სიას ასაჯაროებს. ისლამური რესპუბლიკა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, უსაფრთხოების გარანტიებს და იმის იურიდიულ დასტურს ითხოვს, რომ მომავალში ანალოგიური ოპერაცია აღარ განმეორდება. ამასთანავე, თეირანი დღის წესრიგში მიყენებული ზიანის ფინანსური ანაზღაურების საკითხსაც აყენებს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე