08 აგვისტო 2026,   11:37
ვრცლად
"უკიდეგანო სიყვარულსა და სითბოს აფრქვევდა არა მხოლოდ ის სულიერ შვილებზე, მართლმადიდებელზე, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებზეც" - მამა საბა (გაზდელიანი)

მდუმარე, უწყვეტი რიგი სამების საკათედრო ტაძართან - მეოთხე დღეა, ყველა ერთად, ერთი მიზნით და ერთი მიმართულებით მიდის. სამების საკათედრო ტაძართან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ეკლესიის შესასვლელთან ახლაც მომლოდინეთა გრძელი რიგია - საქართველო უწმინდესს ემშვიდობება.

ქვეყანა გლოვობს, გლოვის ხმა კი სევდის, მდუმარებასა და სამგლოვიარო ზარებს ენაცვლება. სულიერმა მამამ საკუთარი გარდაცვალება ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ აქცია, მორწმუნეთა გულები კი სევდით ავსო, თუმცა, სევდასთან ერთად, არის დიდი მადლიერებაც - მადლიერება იმ დიდი სიყვარულისა, რომელიც უწმინდესმა განვლილ გზაზე დატოვა. ყველას საკუთარი პატრიარქი ჰყავს, ყველა საკუთარ ისტორიას ჰყვება, ყველას ეამაყება ილია მეორის ეპოქაში ცხოვრება.

"უწმინდესი იყო და არის განსაკუთრებული პიროვნება, რადგანაც ის უკიდეგანო სიყვარულს და სითბოს აფრქვევდა არა მხოლოდ ის სულიერ შვილებზე, მართლმადიდებელზე, არამედ, სხვა რელიგიის წარმომადგენლებზეც. ვხედავთ, რამდენი ადამიანი მოდის უკვე უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში არ წყდება ადამიანების ნაკადი. აქ არიან სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც, რადგან ილიამ მეორე ყველა, როგორც შვილი ისე ჩაიკრა გულში," - განაცხადა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა საბამ (გაზდელიანი).

დღეს, ღამის 02:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე სამების ტაძარი დაიკეტება, მიზეზი წირვისა და დაკრძალვის ცერემონიისათვის მოსამზადებელი დეტალებია. ასევე, იმისთვის, რომ დაცული იყოს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. დილის 08:00 საათიდან კი ტაძარში დაშვება მხოლოდ საგანგებო საშვებით მოხდება. საპატრიარქო მოქალაქეებს სთხოვს, ფაქტს გაგებით მოეკიდონ.

ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

დღის ამბები