ბუდაპეშტში, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს, სასულიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ირაკლი კობახიძე ილია მეორის ეპოქალურ როლზე ესაუბრა. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს, პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მთელი საქართველო გლოვობს.
საქართველოსთვის ამ მძიმე წუთებში, ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა პირადად გადაუხადა ირაკლი კობახიძეს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. პირისპირ შეხვედრის დროს, ვიქტორ ორბანმა, ქართველ კოლეგას ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა. შეხვედრის მიმდინარეობისას, ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა ჰქონდა, კიდევ ერთხელ ესაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეუცვლელ როლზე ქვეყნისა და ერის ისტორიაში. პირისპირ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებულად მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს ვიქტორ ორბანი, კონფერენციის გამხსნელი სიტყვის დროს.
საკუთარ სიტყვაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ბრიუსელი და თქვა, რომ ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ ერევა ეროვნულ არჩევნებში და აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს.
ის, რომ მსოფლიო გადამწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის, ამის შესახებ ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, გლობალური გარემოს მზარდი გაურკვევლობის პირობებში, თითოეულმა ქვეყანამ ფუნდამენტურ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - როგორ დაიცვას ეროვნული ინტერესები ისე, რომ არ დაიკარგოს ღირებულებები და ტრადიციები. ირაკლი კობახიძემ გამორჩეულად ახსენა საქართველო - უნგრეთის მეგობრული ურთიერთობა, წარმატებები უსურვა ვიქტორ ორბანს და იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია არ ჩაერევა უნგრეთში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღია მხარდაჭერა დონალდ ტრამპმაც გამოუცხადა. კონფერენციის მონაწილეებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ონლაინფორმატით მიმართა. ამერიკის "კონსერვატორთა კავშირი" 1974 წლიდან ატარებს "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას".
ბოლო ხუთი წელია, კონფერენციას უნგრეთის დედაქალაქი მასპინძლობს.