ადგილი, სადაც პირველი წირვა აღავლინა, უკანასკნელი განსასვენებელი ხდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ - ზუსტად იქ, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის სურვილი იყო.
სიონში პატრიარქის განსასვენებელი უკვე მზად არის. ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრიდან, ფეხით მსვლელობით 15:00 საათზე გამოასვენებენ.
დაკრძალვის ცერემონიას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დელეგაციები დაესწრებიან. ერთ-ერთი პირველი მსოფლიო პატრიარქი, ბართოლომეოსი იქნება.
მანამდე კი, წინამოსამზადებელ სამუშაოებზე საუბრობენ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურები.
"ერთი დიდი ნუგეში, ჩვენ რაც გვაქვს, არის ის, რომ გვყავდა ასეთი დიდი პატრიარქი. როდესაც გვისამძიმრებენ, ჩვენც ყველა ადამიანს, მრევლს ვუსამძიმრებთ, ეს არის მთელი ერის ტკივილი.
ღმერთმა დაუშვა ის, რომ ასეთი პატრიარქი გვყავდა ჩვენ. მე, როგორც სიონის ტაძრის მღვდელმსახური, ამითაც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ფიზიკურად იგი მუდამ ჩვენთან იქნება, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალული და ფიზიკურად დაგვესწრება ყველა მსახურებაზე.
ხალხმრავლობაა, ძალიან ბევრი სტუმარია და ყველაფერი გაწერილია, მიდის სამზადისი და ყველაფერი არის დაგეგმილი. ეკრანები მონტაჟდება, რომ არავინ დარჩეს ყურადღების გარეშე და ყველამ რომ მიიღოს ინფორმაცია", - განაცხადა სიონის ტაძრის მღვდელმსახურმა.