07 აგვისტო 2026,   03:45
ვრცლად
გლოვა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა - საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამძიმარს იღებს

ქართველი ერის მიმართ უპრეცედენტო სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გამოხატავს. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, ჩვენი ქვეყნის საელჩოებში მრავალი სახელმწიფოს მაღალჩინოსნის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლის და მოქალაქის ვიზიტი უკვე შედგა.

გერმანიაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით გაკეთდა. საელჩოში მივიდნენ გერმანიის საგარეო უწყების მაღალჩინოსნები, წმინდა საყდრის ნუნციუსი და დიპლომატები.

პოლონეთის პრეზიდენტის სახელით კი ვარშავაში მდებარე საქართველოს საელჩოში მივიდა კაროლ ნავროცკის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი, ასევე ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსი, მეუფე აბელი, რომელმაც საქართველოს ელჩს, დიანა ჟღენტს ვარშავასა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ საბას ოფიციალური სამძიმრის წერილიც გადასცა. საქართველოს საელჩოს პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი და პრესსპიკერი ეწვივნენ, მათ სამძიმრის წიგნში შესაბამისი ჩანაწერები გააკეთეს.

ხალხმრავლობაა საბერძნეთში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც. ათენსა და სალონიკში საელჩოებს ეწვივნენ საბერძნეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები.

ბუქარესტში კი საქართველოს საელჩოში, ანთიმოზ ივერიელისა და კიაჟნას მონასტრების წინამძღვრებმა პანაშვიდი გადაიხადეს. იერარქებთან ერთად, საქართველოს ელჩს თამარ ბერუჩაშვილს, სამძიმარი რუმინეთის ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.

სლოვენიაში მდებარე საქართველოს საელჩოში კი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები გალობით მივიდნენ. სამძიმარი გამოხატა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაგრებისა და ლუბლიანის მიტროპოლიის ეპისკოპოსმა კირილო ბოიოვიჩმა, რომელმაც ლიუბლიანის კათედრალში პატრიარქის ღვაწლზე იქადაგა.

დოჰას მართლმადიდებლურ ტაძარში პანაშვიდი აღავლინა კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა. ლოცვა შესრულდა რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულად. ღვთისმსახურებას ყატარში საქართველოს ელჩი ვაკო ავალიანი ესწრებოდა.

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანმა კი, წერილი გაავრცელა და ილია II-ს "საქართველოს სტაბილურობის, რწმენისა და იმედის სიმბოლო" უწოდა.

განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც - ტომ ბერენდსენი უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს.

საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს ესპანეთის საგარეო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

ნიუ-იორკში, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა.

პარალელურად, ბერნში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის ისრაელის, ყაზახეთის, სერბეთის, აზერბაიჯანისა და ნიდერლანდების ელჩებმა.

ქართველი დიპლომატები სამძიმარს იღებენ მეზობელ სახელმწიფოებშიც. ბაქოში საქართველოს საელჩოს მინისტრთა კაბინეტისა და მილი მეჯლისის წევრებთან ერთად, ეწვია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი. სამძიმარი გამოთქვა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ და სხვა რელიგიური კონფესიების ლიდერებმა.

თურქეთის ხელისუფლების სახელით, ელჩ არჩილ კალანდიას სამძიმარი გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ბერის ექინჯიმ ხაზი გაუსვა პატრიარქის ღვაწლს და სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს.

ვატიკანში საქართველოს საელჩოში სამძიმრის ჩანაწერი დატოვეს წმინდა საყდრის წარმომადგენლებმა, მათ შორის აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები