07 აგვისტო 2026,   17:33
ვრცლად
სამოქალაქო პანაშვიდის ბოლო დღე და განსაკუთრებული ხალხმრავლობა სამების საკათედრო ტაძარში - საქართველო ქვეყნის პატრიარქს ემშვიდობება

სამგლოვიარო ზარების ხმამ დღეს დუმილი დაარღვია, გააჩერა დრო და ერს კიდევ ერთხელ გაახსენა, რომ საქართველომ რაღაც ძალიან დიდი დაკარგა.

დაობლებული მრევლის უსასრულო ნაკადი ნელა, მაგრამ გაუჩერებლად, უკვე მეოთხე დღეა, წინ მიიწევს. სიცივე, დაღლა, წყურვილი, დაუსრულებელი მოლოდინი - მიწიერ დაბრკოლებებს გრძელ რიგში მდგომ მართლმადიდებლებს რწმენა ალახინებს.

აქ დრო აღარ ითვლის წუთებს, არც ადამიანები გრძნობენ დაღლას, რადგან ეს გზა სამების საკათედრო ტაძრის შუაგულამდე მიდის - იქ, სადაც სიყვარულის, ერთიანობის, სიმშვიდის სიმბოლო - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დაბრძანებული. დაუღალავი შემოქმედი ერთობისა და ხმა შერიგებისა... ის, ვინც სიბნელეში სინათლე, განსაცდელში რწმენა, ტკივილის დროს კი მორწმუნეებისთვის შვება იყო. ყველასთვის თანაბრად ძვირფასი და იმედისმომცემი.

დღეს, როცა უწმინდესს და უნეტარესს მრევლი უკანასკნელად ხედავს, როცა ერი ჭირისუფალია და ტკივილი ძლიერი, მორწმუნეები შვებას მაინც პოულობენ და უპირობოდ სჯერათ, რომ პატრიარქი მათ ზეციდან დაიფარავს.

იმედის ხატად ქცეულ პატრიარქთან გამომშვიდობება ყველაზე მძიმე მისი სულიერი შვილებისთვისაა - იმ ადამიანებისთვის რომლებიც დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებენ.

კათოლიკოს-პატრიარქისადმი სიყვარულმა ყველა გააერთიანა და ყველას თანაბრად დაწყვიტა გული - დიდსა თუ პატარას, მართლმადიდებელსა თუ კათოლიკეს. სამების საკათედრო ტაძარში, ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად, ვატიკანის წარმომადგენელი მივიდა. უწმინდესს პატივი მიაგეს რუმინეთსა და საბერძნეთის დელეგაციის წევრებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

პატრიარქთან დასამშვიდობებლად, დღეს სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობით მივიდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

ერის ტკივილმა გააერთიანა ყველა პროფესია - ყველას სურს, რომ უკანასკნელას ნახონ კათოლიკოს პატრიარქი. დღეს სამებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, დაცვის პოლიცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, თანამშრომლები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.

პატრიარქს პატივი მიაგო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. სამების საკათედრო ტაძარში ყოველდღიურად მიდიან მმართველი გუნდის ლიდერები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამოქალაქო პანაშვიდის ბოლო დღე განსაკუთრებულად ხალხმრავალი და მძიმეა. დღეს ემშვიდობებიან, ხვალ გააცილებენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ხვალ, მისი სურვილისამებრ, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები