07 აგვისტო 2026,   22:03
ვრცლად
ქალაქებიდან, დასახლებებიდან და სოფლებიდან მოქალაქეები თბილისში სპეციალურად ჩამოდიან, რათა კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ - ახლა ქვეყნის ყველა გზა სამების საკათედრო ტაძრამდე მიდის

ახლა ქვეყნის ყველა გზა სამების საკათედრო ტაძრამდე მიდის. საქართველოს ქალაქებიდან, დასახლებებიდან და სოფლებიდან მოქალაქეები თბილისში სპეციალურად ჩამოდიან, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.

დღეს გლოვის მეხუთე დღეა. დაშვებულია დროშები, ქუჩებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე გამოკრულია პატრიარქის ბანერები და მისი სიტყვები. ყველა ტაძარში სამგლოვიარო პანაშვიდი სრულდება. სულიერი მამის გარდაცვალებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები მწუხარებისა და დანაკარგის უხილავი ძაფით დააკავშირა. მოქალაქეები დღეს გორის ცენტრალური მოედნიდან დაიძრნენ.

ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცებულები, პატრიარქის ნათლულები - ბათუმში მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. მთელი რეგიონის მასშტაბით დედაქალაქისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ინტენსიურად სრულდება დამატებული რეისები.

ერთმანეთისთვის გაწვდილი ხელი და თანადგომა - ის რაზეც პატრიარქს არაერთ ქადაგებაში უსაუბრია, დღეს რეალობაა, სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტები, სადაც მძღოლები მოქალაქეებს მომსახურებას უსასყიდლოდ თავადაც სთავაზობენ. წერენ, რომ ეს მცირე მადლობაა იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც პატრიარქმა ქვეყნისთვის გაწია.

ამბები სიკეთეზე, თავგანწირვაზე, უანგარო სიყვარულსა და მზრუნველობაზე - მორწმუნეები პატრიარქის ისტორიებს და მოგონებებს ერთმანეთს უზიარებენ სამეგრელოშიც. დღის პირველ საათზე ფოთიდან თბილისისკენ ავტოკოლონა დაიძრა. მოქალაქეები გამოხატავენ მადლიერებას პატრიარქის მიმართ, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქვეყნის სულიერი ცხოვრება განსაზღვრა.

ხალხი დილიდან შეიკრიბა ალავერდის მამათა მონასტერშიც.

კახეთის მსგავსად, მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოა მოქალაქეებისთვის იმერეთში, რაჭაში და დანარჩენ რეგიონებშიც.

ხალხმრავლობაა რკინიგზის სადგურებშიც - საქართველოს რკინიგზა განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. ილია მეორის დაკრძალვისა და პანაშვიდზე დასწრების მსურველები რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ მგზავრობენ.

ერის გულისცემა ახალა ყველაზე ხმამაღლა სწორედ აქ ისმის - მდუმარებაში, მწუხარებაში, გადავსებულ ქუჩებში და კილომეტრიან რიგებში. ღამისთევის და უამინდობის მიუხედავად - მთელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოქალაქეები კვლავაც მოემართებიან, რათა უკანასკნელად გამოეთხოვონ ერის სულიერ მამას.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები