საქართველო სულიერ მამას ემშვიდობება. უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანა პატრიარქს გლოვობს, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხალხის ნაკადი კი სამების საკათედრო ტაძართან, სადაც უწმინდესი და უნეტარესია დაბრძანებული, არ წყდება.
ხვალ, 22 მარტს, პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის.
ხვალ, მხოლოდ საგანგებო საშვებით იქნება სამების საკათედრო ტაძარში შესვლა შესაძლებელი. როგორც წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა საბა აცხადებს, ეს მათგან დამოუკიდებელი გარემოებებიდან გამომდინარე ხდება და მრევლს სთხოვს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდონ:
"საპატრიარქომ გააჟღერა, რომ 22 მარტს ღამის 2 საათზე დაიკეტება სამების საკათედრო ტაძარი დილის 8 საათამდე, რადგანაც მოწესრიგდეს და დასუფთავდეს ტაძარი ასევე წირვისთვის. დილის 9 საათზე საღვთო ლიტურგია აღესრულება. თუმცა უნდა ითქვას, რომ დილის 8 საათზე, ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებებიდან გამომდინარე, მრევლისთვის დაშვება არ იქნება შესაძლებელი. მხოლოდ საგანგებო საშვებით იქნება სამების საკათედრო ტაძარში შესვლა შესაძლებელი. ამიტომ, დიდი თხოვნაა, რომ ამას გაგებით მოვეკიდოთ. იმ მრევლს, რომელსაც არ მიეცა პატრიარქთან მიახლების და მისი ნახვის შესაძლებლობა, ექნებათ შესაძლებლობა განსაზღვრულ ქუჩებზე. სადაც იქნება მსვლელობა და პატრიარქის გადასვენება მიმდებარე ქუჩები იქნება მოწესრიგებული ჯებირებით, გვერდებზე იდგება მრევლი და ასე შეეძლებათ მათ პატრიარქთან დამშვიდობება," - აცხადებს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა საბა (გაზდელიანი).