"პენტაგონისა" და "ცახალის" სამხედროებმა იერიში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, "ბასიჯისა" და სამართალდამცავი ორგანოების შტაბებზე მიიტანეს. დარტყმების გეოგრაფია ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მოიცავს: თეირანში, ალბორზში, ილამში, ლორესტანსა და ქურთისტანში უკვე განადგურდა ათასობით სტრატეგიული ობიექტი.
პარალელურად, იერიში კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბუშირის პროვინციაში მდებარე ასალუიეს გადამამუშავებელი ჰაბი და მსოფლიოში უმსხვილესი ბუნებრივი აირის საბადო - "სამხრეთ პარსი" დაბომბეს. ობიექტი ირანის შიდა მოხმარების ენერგორესურსების წარმოების უმთავრესი წყაროა.
დარტყმების შემდეგ, ირანული დრონების და რაკეტების სამიზნე მეზობელი ქვეყნების სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გახდა. ისლამურმა რესპუბლიკამ ჯერ საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში კონკრეტული სამიზნეები განსაზღვრა, შემდეგ კი კატარის "რას-ლაფანის" ნავთობის და გაზის კომპლექსს - მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ ობიექტს - ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.
ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის ფონზე, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალის მთავარი ფლაგმანი საბრძოლო მოქმედებების ზონას ტოვებს. მედიის ცნობით მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, "ჯერალდ ფორდი", ბორტზე მომხდარი ხანძრის გამო, იძულებულია წითელი ზღვიდან სარემონტოდ საბერძნეთისკენ გაემართოს.
სამხედრო კამპანიის დეტალებს ასაჯაროებს ამერიკული მედია. "ვაშინგტონ პოსტი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი ირანთან მიმდინარე ომისთვის დამატებით 200 მილიარდ დოლარს მოითხოვს. ამასთან ერთად გავრცელებული ცნობით ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედროს გაგზავნაზე მსჯელობს.
დარტყმის სამიზნე ისრაელიც გახდა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანიდან გასროლილი ასობით ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შეძლო, თუმცა კასეტურმა ბომბმა თელ-ავივის მახლობლად ხანდაზმული წყვილი იმსხვერპლა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონების ნაწილში სამაშველო ოპერაციები დღესაც საჰაერო განგაშის პარალელურად მიმდინარეობდა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.