22 მარტს, მართლმადიდებლური სამყაროს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, საქართველოში მსოფლიო პატრიარქი ჩამოვა. სწორედ ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი აღავლენს მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
საგანგებო ლიტურგია. სრულიად საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დღეს საქართველოში სხვადასხვა დელეგაციაც ჩამოვა.
ილია მეორის გარდაცვალებამ არა მხოლოდ თავისი სამშობლო, არამედ მთელი მსოფლიო დაამწუხრა - მეორე დღეა, საქართველო სამძიმრის წერილებს იღებს. უწმინდესის გარდაცვალების გამო წუხს იერუსალიმის პატრიარქი. თეოფილე მესამე განმარტავს, რატომ ვერ დაესწრება პირადად საქართველოს პატრიარქის დაკრძალვას.
სამძიმრის წერილს ავრცელებს ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსიც.
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ, ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს სამლოცველოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კი მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. რენესანსის ეპოქის პატრიარქი - ასე იხსენიებს კვიპროსის ეკლესია უწმინდესს და აღნიშნავს, რომ ილია მეორემ, პატრიარქის ტახტი საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად რთულ დროს დაიკავა.
საქართველო სამძიმარს მსოფლიო ლიდერებისგანაც იღებს. თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
სომხეთის პრემიერმა მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ, ამჯერად სატელეფონო კომუნიკაციით მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს გამოუგზავნეს აზერბაიჯანელმა და სომეხმა კოლეგებმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამძიმრის წერილებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
ილია მეორის გარდაცვალების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უსამძიმრებენ საქართველოს წარმომადგენლობებსაც. კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დოჰაში, საქართველოს საელჩოს სამძიმარი გამოუცხადა.
ჰავანაში კი, ჯერ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, შემდეგ საქართველოს საელჩოს შენობაში მარინის ეპისკოპოსმა ათენაგორასმა და მღვდელმთავარმა იოანისმა ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. კუბაში მდებარე საქართველოს საელჩოში გახსნილია სამძიმრის წიგნი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ - იქ, სადაც ილია მეორემ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა.