14 აგვისტო 2026,   12:27
ვრცლად
მწყემსი კეთილი, სიყვარულზე, რწმენაზე, პატიებაზე, სულიერ განახლებაზე, სიკეთესა და თავმდაბლობაზე მქადაგებელი - ისტორიები პატრიარქზე

შემაღლებულ ბორცვზე, ელიას მთაზე მდებარე ტაძარში, რომელიც უწმინდესმა მისი ეპოქის ხატად და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ აქცია, სულიერმა მამამ ბინა უკანასკნელად დაიდო. მწყემსი კეთილი - სიყვარულზე, რწმენაზე, პატიებაზე, სულიერ განახლებაზე, სიკეთესა და თავმდაბლობაზე მქადაგებელი წავიდა, თუმცა მისმა ზეციურმა მფარველობამ მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს ისევ სამების კარამდე მიიყვანა.

ღვთის სახლში მისვლა, ბოლო ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ასეთი სევდიანი არასდროს ყოფილა. ტაძარში, სულიერი მამის პანაშვიდზე მისული თითოეული შვილი ამბიონს დღესაც იმედის თვალით უყურებდა. უწმინდესისთვის განკუთვნილ შემაღლებულ ადგილს, საიდანაც ბოლო 49 წლის განმავლობაში მშვიდი, წმინდა და თან მელოდიური ხმა ისმოდა, ხმა რომელიც შვილებს ასწავლიდა, რომ ლოცვა-ღმერთთან საუბარი, რწმენა, სინათლე, სინანული კი სულიერი განახლების დასაწყისი იყო.

სიყვარულზე მქადაგებელს - ასე ხმამაღლა ამ სიტყვებს ალბათ ვერავინ ეტყოდა, თუმცა გრძნობდა და თავადაც გასცემდა უდიდეს სითბოს, რომელიც პატარა ისტორიებს ქმნიდა პატრიარქისა და მრევლის ურთიერთობაზე, როგორც მამასა და შვილზე, ან უბრალოდ მშობელზე, რომელსაც სურდა საკუთარი შვილის ცხოვრება ლამაზი და მართალი ყოფილიყო.

გონებასა და გულში დარჩენილი ისტორია ბევრია, მთავარი მოქმედი პირი კი ერთი - ერთდროულად უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ადამიანი, რომელმაც ერთ გულში, მთელი საქართველოს სიყვარული დაიტია. საქართველოსი, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ ეპოქალური პიროვნება და წინამძღოლი, არამედ იმედი და ძალა იყო, სიმბოლო ერთიანობისა.

სიყვარულს ყველას თანაბრად უნაწილებდა, ნაცნობსა თუ უცნობს, ახალგაზრდასა თუ მოხუცს, დიდებსა თუ პატარებს. ბავშვებს, რომელშიც უწმინდესი მოციმციმე ვარსკვლავს ხედავდა. მათ შორის ბავშვებს, რომლებსაც ურთულეს დროს, სუდარაგადაფარებული ეკლესიის აღორძინების ეპოქაში ღმერთის სიყვარული თავად ასწავლა.

გასახსენებელი მის მოსწავლეებსაც ბევრი აქვთ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ უყვარდა საუბრები ეზოში, ერთობლივი ლოცვა თუ დასწრება ტრაპეზზე. იყო საჭეთმპყრობელი, სულიერი მამა და მახარობელი.

დღეს კი ჭირისუფლად მთელი ერი იქცა. მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომელთა ნაკადი, უწმინდესამდე მისასვლელ გზაზე არ წყდებოდა. მათ შორის ექიმების, ადამიანების ვინც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლის ბოლო 19 საათში მის გადასარჩენად დაუღალავად იბრძოდნენ. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამების საკათედრო ტაძარში დღეს ორჯერ მივიდა.

პატრიარქს პატივი მიაგეს და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დღესაც დაესწრნენ მთავრობის წევრები. სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ეს, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ეპოქალურ პიროვნებად იქცა, უკანასკნელ გზაზე 3 დღეში გააცილებენ. ღვთისმსახურება კვირას პატრიარქის კურთხეულ ტაძარში ჩატარდება, წესის აგების შემდეგ კი ილია მეორეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მისი სურვილის შესაბამისად დაიკრძალება.

დღის ამბები