"ილია მეორე გახლავთ მთელი ეპოქა ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად, ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ ქედს ვიხრით მისი წმინდა ხსოვნის წინაშე და იმ დიდი ღვაწლის წინაშე, რომელიც მან გასწია 49-წლიანი პატრიარქობის პერიოდში. თითქმის ნახევარი საუკუნე იყო ის საჭეთმპყრობელი ივერიის უძველესი ეკლესიისა და თქვენ ხედავთ ეკლესიის გაცოცხლების, აღორძინების და შეიძლება ითქვას, რომ ახალი სულის შთაბერვის უპრეცედენტო მაგალითს.
მის უწმინდესობას პატივს მიაგებს საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, ეთნოსისა თუ მრწამსისა. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და მადლობა ვუხდი მას, როგორც რიგითი სასულიერო პირი მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის," - ამის შესახებ იღუმენმა მამა ნაზარიმ, (ბასილაია) განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია.
სამების ტაძარში კი, სადაც პატრიარქი გუშინ გადაასვენეს, 24 საათის განმავლობაში მომლოცველთა რიგი არ წყდება, მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.