სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ხალხის ნაკადი არ წყდება - ათასობით მოქალაქე ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო. ხალხმრავლობაა როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვაა გამოცხადებული.
ამასთან, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.
"მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს პატრიარქს. მისი სიკეთე, სიმშვიდე, სითბო ყოველთვის გვაძლიერებდა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს დაობლებას. დიდი განსაცდელის დროს ყველას გულში გვყავდა დიდი იმედი პატრიარქის სახით და ახლა გვეყოლება ანგელოზი, რომლის იმედი სულ გვექნება," - განაცხადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ერთ-ერთმა ექიმმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე