ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებულ 31 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, აქედან ერთს დაუსწრებლად. ერთის, ქალი ბრალდებულის მიმართ კი - 7 000 ლარიანი გირაო გამოიყენა. გადაწყვეტილება
მოსამართლე, თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.
პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი პოზიციას არ ეთანხმებოდა და გირაოს სთავაზობდა.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია აჭარაში 2 დღის წინ ჩატარდა. შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ ბრალად "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება. წინასასამართლო სხდომა 5 და 13 მაისს ჩაინიშნა.