"ერთადერთი რამ არის საჭირო, რომ ჩვენ გავყვეთ ჩვენს პატრიარქს. მის შეგონებები, რომელსაც ის გვაძლევდა წლების მანძილზე, აღვასრულოთ. გავერთიანდეთ ქრისტიანული ღირებულებების გარშემო" - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა "რუსთავი 2-ის"ეთერში განაცხადა, სადაც სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეების საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მოღვაწეობას იხსენებენ.
მეუფე დანიელის თქმით, პატრიარქის მადლი გაცილებით უფრო დიდი ძალით დაუბრუნდება საქართველოს.
"ის, რაც მან გააკეთა, როგორი დიდიც არ უნდა იყოს პიროვნება, შეუძლებელია, ადამიანურ ძალებს აღემატება. ამის შესახებ სახარებაში წერია - "შეუძლებელი კაცთაგან ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელი არს", ანუ მასში მოქმედებდა ძალა ღვთისა, რომელიც უხვად გარდმოდიოდა ჩვენზე და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის ღმერთშემოსილი პიროვნება, ანუ სული წმინდის ჭურჭელი, ტაძარი ღვთისა და ასეთი ადამიანების ადგილი არის სასუფეველში.
ასეთი ადამიანები აგრძელებენ ზრუნვას თავის ერზე. მინდა, ვანუგეშო საზოგადოება, რომ პატრიარქის მადლი გაცილებით უფრო დიდი მადლით დაუბრუნდება საქართველოს.
ერთადერთი რამ არის საჭირო, რომ ჩვენ გავყვეთ ჩვენს პატრიარქს. მის შეგონებები, რომელსაც ის გვაძლევდა წლების მანძილზე, აღვასრულოთ. გავერთიანდეთ ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. ეს იქნება საწინდარი როგორც მშვიდობისა ჩვენს ქვეყანაში, ისევე ჩვენი სულიერი და ტერიტორიული გამთლიანებისა", - განაცხადა მეუფე დანიელმა.