წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალი Vatican News-ი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის დამკვიდრებულ ურთიერთობაზე სტატიას აქვეყნებს.
"ფლობდა რა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის ტიტულებს. იგი ცნობილი იყო პაპებთან მნიშვნელოვანი შეხვედრებით: იოანე პავლე II-თან 1980 წელს
ვატიკანში და 1999 წელს საქართველოში, ასევე პაპ ფრანცისკესთან 2016 წელს, საქართველოში.
1980 წლის 6 ივნისი ეკლესიათა შორის ურთიერთობის ისტორიულ დღედ იხსენიება, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ეწვია ვატიკანს რომის ეპისკოპოსთან მშვიდობის ამბორის გასაცვლელად.
"ჩვენ ვხვდებით, როგორც ძმები", "საქართველოს ეკლესია ეფუძნება წმინდა ანდრიას ქადაგებას; ხოლო რომის ეკლესია დაფუძნდა წმინდა
პეტრეს ქადაგებით."
"ანდრია და პეტრე ხორციელი ძმები იყვნენ, მაგრამ ისინი სულიერი ძმებიც გახდნენ მას შემდეგ, რაც შეუდგნენ იესო ქრისტეს" - განაცხადა მაშინ პაპმა იოანე პავლე II-ემ.
2016 წლის 30 სექტემბერს ილია II-მ თბილისში პაპი ფრანცისკე მიიღო, რომელსაც ძმურად ჩაეხუტა. "იმ სამყაროს წინაშე, რომელსაც ასე სწყურია მოწყალება, ერთობა და მშვიდობა, განგება გვთხოვს, რომ ჩვენს კავშირებს ახალი ძალა და სიცოცხლე მივცეთ." - თქვა პაპმა ფრანცისკემ იმ დღეს.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მოციქულ ანდრიას ქადაგებაზეა აღმოცენებული, და რომის ეკლესიას, რომელიც მოციქულ პეტრეს მოწამეობრივ ღვაწლზეა დაფუძნებული, დღეს ეძლევათ შესაძლებლობა, ქრისტეს დიდებისთვის კვლავაც განამტკიცონ ის სამოციქულო ძმობა, რომელიც მათ აერთიანებთ", - წერია სტატიაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.