სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრში პატარა, ლამაზი სოფელი სნო მდებარეობს, რომელსაც პატრიარქის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება. "კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს სოფელი სნოში ჩავიდა - იქ, სადაც გაიზარდა ილია მეორე და, სადაც არიან ადგილობრივები, რომლებიც დღემდე ინახავენ მის ბავშვობასთან დაკავშირებულ მოგონებებს. შიოლაშვილების ერთი ოჯახის მესამე თაობა, რომლებიც უწმინდესსა და უნეტარესზე არაერთ საინტერესო ისტორიას იხსენებენ და დღეს დაობლებულებად გრძნობენ თავს.
პატრიარქის მშობლიური სოფელი და მხარე მთელი საქართველოს მსგავსად ახლა გლოვობს, გლოვობს საკუთარ შვილს, რომელმაც არა მხოლოდ სნოს, არამედ მთელს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტს უდიდესი დახმარება გაუწია და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და ახლების აშენების გარდა, ილია მეორემ მშობლიურ სოფელში შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, ახალი სასტუმრო ააშენა, მის გახსნაზე კი განაცხადა, რომ ააშენა იმისთვის, რომ მიღებული სარგებელი სნოს მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარებოდა. სნოშია პატრიარქის ბავშვობის სახლი, რომელიც ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინ დგას, ეკლესია მოქმედია და მისი კარი ყველასთვის ღიაა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი