"მადლობა პატრიარქო" - ყველაზე ხშირად ეს სიტყვა ისმის იმ წუთიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანას ერის სიმშვიდის და ერთიანობის სიმბოლო აღარ ჰყავს. თითქმის 24 საათი მის გარეშე - ორი საუკუნის პატრიარქი, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი გახდა, ახლა სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. მისი ანდერძი - მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობაა. მასთან მიახლოება და მისი დალოცვა ყველას სურდა. მისი სიტყვა განსაკუთრებით კი, კრიტიკულ მომენტებში ტემპერატურას ცვლიდა. გუშინ ამ დროს საქართველოში ილია მეორის ეპოქა დასრულდა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი 93 წლის ასაკში გუშინ, 17 მარტს, დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში გარდაიცვალა.
ცნობა იმაზე ადრე გავრცელდა ვიდრე შიო მუჯირი იტყოდა, თუმცა ყველა დუმდა და ოფიციალურ განცხადებას ელოდებოდა.
ილია მეორე სიცოცხლეშივე გახდა ერის მორალური საყრდენი და ახლაც ყველა დარწმუნებულია რომ საქართველოს მისი სახით უდიდესი მფარველი ჰყავს. სწორედ ამით ანუგეშა გუშინ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ მთელი ქვეყანა. საქართველოს ეკლესიები ახლა მგლოვიარე მრევლით არის გადავსებული, სამოქალაქო პანაშვიდები კი, ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით აგებულ სამების საკათედრო ტაძარში იმართება.
ილია მეორე სამების ტაძარში დღეს გადაასვენეს. სამგლოვიარო პროცესია გალობის ფონზე მიმდინარეობდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე