სამების საკათედრო ტაძრამდე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, საკუთარი რეზიდენციიდან დღეს უკანასკნელი გზა გაიარა. მედროშეები, სტიქაროსნები, სასულიერო პირები - ილია მეორე, ქართველი ერის მამა და წინამძღვარი, მისივე ლოცვა-კურთხევით აშენებულ უფლის სახლში, მისივე დაწერილი საგალობლის ფონზე, 18:39 საათზე შემოაბრძანეს.
ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის გზაც დღეს სწორედ სამების საკათედრო ტაძრამდე მივიდა - ტაძრამდე, რომელსაც ქართველი ერის სულიერი მამა ქართველი ერის ავტოპორტრეტს უწოდებდა. ერთიანობის, რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის სიმბოლო, მშვიდობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი და საჭეთმპყრობელი, რომლის ცხოვრებაც უფლის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიეძღვნა, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრში, ზუსტად იქ დაასვენეს, სადაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, სიკეთით სავსე გულით, სიყვარულზე ქადაგებდა.
სამგლოვიარო ზარების ხმა სამების საკათედრო ტაძარში დღეს მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. ისტორიული ეპოქის შემქმნელს, რომლის ხმაც, ყველაზე რთულ დროსაც, ქართველ ერს სიმშვიდეს ჰგვრიდა და იმედით ავსებდა, მთელი ქვეყანა უდიდესი მწუხარებით ემშვიდობებოდა. პატრიარქის კურთხეულ ტაძარში დღეს პატრიარქის პანაშვიდი ჩატარდა.
პანაშვიდის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს პატივი მიაგო და ოჯახთან ერთად მივიდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ილია მეორეს პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. პატრიარქის პანაშვიდს ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
პატრიარქის "მზიანი ღამე", როგორც თავად ამბობდა, 93 წლის ასაკში დასრულდა. წავიდა ისე, რომ შექმნა ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა, რომელიც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი იყო. იყო მწყემსი, რომელმაც ეკლესია უმძიმეს დროში შეინარჩუნა და ტაძარი სახელმწიფოებრიობის, იდენტობის, გადარჩენის მთავარ დასაყრდენად აქცია.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქში, სრულიად საქართველომ, არა მხოლოდ წინამძღვარი, არამედ მამა იპოვა, რომლის ლოცვა, ქვეყნისთვის უხილავი ფარი, ერისთვის კი უანგარო ზრუნვის ყველაზე ცხადი მაგალითი იყო.
46 ეპარქია, 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000-მდე სასულიერო პირი- ქართველი ერის სულიერმა წინამძღვარმა, რომელიც ქართული ეკლესიის სათავეში უმძიმეს დროს ჩადგა, მართლმადიდებელ ქრისტიანებს რწმენა და იმედი დაუბრუნა. ილია მეორის ძალისხმევით, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს პატრიარქმა დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიციაც. მას 50 000-მდე ნათლული ჰყავს. სწორედ მისი პატრიარქობის დროს გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა და აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.
სამების საკათედრო ტაძარში დღეიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საყოველთაო პანაშვიდები მის უკანასკნელ გზაზე გაცილებამდე გაიმართება. მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება პატივი მიაგოს და გამოემშვიდობოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელმაც ნახევარ საუკუნეში საკუთარი ეპოქა შექმნა.