ადგილი, სადაც ათწლეულები გაატარა სამუდამოდ დატოვა - კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს. სასულიერო და საერო პირები, ათასობით მოქალაქე - მრევლი საკუთარ სულიერ მამას ტაძრამდე მწუხარებით აცილებდა.
სამგლოვიარო პროცესიას მეუფე შიო მიუძღვებოდა. მის გვერდით იდგა პარლამენტის თავმჯდომარე.
ერის გაერთიანება, როგორც ილია მეორის მთავარი სურვილი - ტაძრამდე გზა გრძელი იყო, ისევე, როგორც მოგონებები პატრიარქის შესახებ.
ერთობის მაგალითი მრევლმა დღეს აჩვენა. მწუხარებასთან ერთად, მოქალაქეებს უწმინდესის სიყვარული აერთიანებდა. მის ღვაწლზე საუბრობდა ყველა, როგორც ქართული ეკლესიის აუნაზღაურებელ დანაკლისსა და ეპოქალურ პიროვნებაზე.
სამგლოვიარო პროცესიას მიჰყვებოდნენ დეპუტატებიც.
კათოლიკოს-პატრიარქი პატივით მიაცილეს სამების საკათედრო ტაძრამდე, საიდანაც ის ქართულ ეკლესიას 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა, თუმცა, პატრიარქისვე სურვილით, მას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება დღეს წმინდა სინოდმა მიიღო. სხდომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ გახსნა, რომელიც, ამავე სხდომის განჩინებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ინფორმაცია საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.
როგორ გააგრძელებს ისტორიას ქართული ეკლესია? - პატრიარქის როლზე დღეს არაერთი ითქვა. ამაზე საუბრობდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სწორედ სინოდის სხდომის დაწყებამდეც, რომელიც, 49 წლის შემდეგ პირველად, ილია მეორის გარეშე ჩატარდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ - სწორედ იქ, სადაც ზუსტად 69 წლის წინ აკურთხეს იეროდიაკონად. სიონის საკათედრო ტაძარშივე აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად. ეს იყო 1977 წელს, მას შემდეგ, თითქმის 27 წელი, ეს ტაძარი ილია მეორის მსახურების მთავარი ადგილი იყო - ადგილი სადაც განისვენებენ მე-20 საუკუნის კათოლიკოს პატრიარქები.