10 აგვისტო 2026,   02:23
ვრცლად
ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველო მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილებს იღებს - მეგობრები სრულიად საქართველოს ტკივილს იზიარებენ

მართლმადიდებლური სამყარო ყველაზე ძვირფას საუნჯეს, ქვეყნის მთავარ ადამიანს ემშვიდობება. სრულიად საქართველოს ტკივილს იზიარებენ მეგობრები.

22 საათია, ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველო მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილებს იღებს.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა და სამძიმრის წერილი გაავრცელა.

"ჩვენი დროის მართლმადიდებლობის პატივსაცემი მოღვაწე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მწყემსავდა სიბრძნით" - ამ სიტყვებით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი. ილია მეორეს ღრმა მწუხარებით ემშვიდობება ბულგარეთის პატრიარქი.

სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის გამორჩეულ ფიგურას სამძიმრის წერილით ემშვიდობება უკრაინის მიტროპოლიტი. "პატრიარქის მსახურება ბევრისთვის იყო იმედის მომცემი განსაცდელისა და ომების დროს. პატრიარქი ილია II-ე განსაკუთრებული ფიგურა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის". - წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე. სამძიმრის წერილის აქვეყნებს რუსეთის პატრიარქი კირილიც.

საქართველოს ტკივილს იზიარებს მეზობელი სომხეთიც. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესია სამძიმრის წერილში ილია II-ის ცხოვრების გზას იხსენებს და წერს, რომ "მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე".

ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამთან და რამაზან ბაირამთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმდა.

ქართველ ხალხს ილია მეორეს გარდაცვალებას უსამძიმრებს ვატიკანის ელჩი საქართველოში. წმინდა საყდრის დესპანი ანტე იოზიჩი წერს, რომ "პატრიარქმა ილია II-მ, თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია".

სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოს უსამძიმრებენ მსოფლიო ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამერიკის საელჩო წერს, რომ ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. უწმინდესობის განსაკუთრებულ როლზე საუბრობენ სამძიმრის წერილებში საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობები.

ილია მეორის გარდაცვალებას ეხმაურება ისრაელის საელჩო საქართველოში და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიდი ლიდერი და ისრაელელი ხალხის მეგობარი - ამ სიტყვებით ავრცელებს სამძიმრის წერილს გიდეონ საარი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა სამძიმრის წერილები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნეს.

ქართველ ერს უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მეზობელი სახელმწიფოებიც. მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი - ამ სიტყვებით აღწერს თურქეთის საელჩო ილია მეორის მოღვაწეობას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი კი, სამძიმრის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის. ილჰამ ალიევი ილია მეორის მოღვაწეობას იხსენებს. პატრიარქის გარდაცვალების გამო წუხს სომხეთის პრემიერიც. სამძიმრის წერილ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მთავრობის მეთაურს უგზავნის.

საქართველოს ტკივილის გაზიარებისთვის მთელ მსოფლიოს მადლობა დღეს სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა გადაუხადეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები