თეირანის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე იერიში "ცაჰალმა" სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმა - სამიზნეს ის კონსპირაციული ბინა წარმოადგენდა, რომელშიც ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი იმყოფებოდა. ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის ფაქტი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უკვე დაადასტურა.
ცნობილია, რომ ვაშინგტონთან და იერუსალიმთან კონფლიქტის პირობებში, ირანისთვის საკვანძო გადაწყვეტილებებს სწორედ ლარიჯანი იღებდა: მისი მითითებებით მიმდინარეობდა ბირთვული მოლაპარაკებები, ის ხელმძღვანელობდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობას და ისლამურ რესპუბლიკას ომისთვის ამზადებდა. თეირანს მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ ოფიციალური ცნობები ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
"ცახალის" იერიშს ვერც გასამხედროებული ფორმირება "ბასიჯის" მეთაური გადაურჩა. ღოლამრეზა სოლეიმანი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" დაქვემდებარებაში არსებულ იმ უწყებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ირანში იდეოლოგიურ კონტროლსა და ხელისუფლების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.
დარტყმები განახორციელა ირანმაც. საჰაერო თავდაცვის სისტემამ იერუსალიმის ძველი ქალაქის თავზე ბალისტიკური რაკეტის მოგერიება შეძლო. ნამსხვრევები კი მაცხოვრის საფლავის ტაძრის მიმდებარედ, სომხეთის საპატრიარქოს ეზოში, ებრაულ კვარტალში და ტაძრის მთაზე - ალ-აქსას მეჩეთის მახლობლად ჩამოვარდა.
რეგიონში მიმდინარე ესკალაციის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში USS Tripoli გაგზავნა. ავიამზიდი, რომლის ბორტზეც 2 200 საზღვაო ქვეითია დისლოცირებული, სინგაპურიდან დაიძრა და მალაკის სრუტის გავლით სწორედ კონფლიქტის ზონისკენ მიემართება.
შტატებთან დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები უარყო ირანის უზენაესმა ლიდერმა. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, სამშვიდობო ინიციატივები თეირანს ორმა შუამავალმა ქვეყანამ გაუზიარა. მედია წერს, რომ მოჯტაბა ხამენეიმ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თათბირზე განაცხადა, რომ მშვიდობისთვის შესაბამისი დრო არ დადგება, სანამ აშშ და ისრაელი დამარცხებას არ აღიარებენ
ამერიკა-ისრაელის და ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მესამე კვირაა გრძელდება. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, თეირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება შეძლო, რამაც ნავთობის მსოფლიო ტრაფიკის მეხუთედის პარალიზება და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ავტოი: ლუკა ჩლაიძე.