10 აგვისტო 2026,   06:29
ვრცლად
ყულევის ნავთობტერმინალი და ბრალდებები ფაქტების გარეშე - ევროკომისიის პრეს-სპიკერმა აღიარა, რომ რუსული ნავთობის ქართულად გასაღებისა და მისი გაყიდვის შესახებ კონკრეტული ფაქტები არ აქვს

პირად წარმოდგენებზე დაფუძნებული განცხადება ამჯერად ევროკომისიის პრეს-სპიკერმა გააკეთა. შივონ მაკ გარიმ, ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, დაადასტურა, რომ ქართული პორტი სანქციების მე-20 პაკეტში კონკრეტული ფაქტებისა და დეტალური ინფორმაციის საფუძველზე არ მოხვედრილა. ეს განცხადება "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს იღებს და თან მტკიცებულებების გარეშე, რაც საქართველოს შემთხვევაში მუდმივად ანტისახელმწიფოებრივი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ევროკომისიის პრეს-სპიკერმა, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყულევის პორტი, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, ქართული ნავთობტერმინალის, ჩრდილოვან ფლოტთან ინტერაქციისა და რუსული ნავთობის რეექსპორტის გამო მოხვდა. თუმცა, დამაზუსტებელ შეკითხვაზე, შივონ მაკ გარიმ აღიარა, რომ რუსული ნავთობის ქართულად გასაღებისა და მისი გაყიდვის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია და ფაქტები არ აქვს.

ამ განცხადების მიუხედავად, ევროკომისიის სპიკერის მიმართ შეკითხვები არ აქვთ ოპოზიციაში. მაშინ რის საფუძველზე მოხვდა ყულევის ნავთობტერმინალი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში? - ხელისუფლების ოპონენტები, კონკრეტული პასუხის გარეშე, მხოლოდ ვარაუდობენ, რომ პორტთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები არსებობდა.

თბილისის პოზიცია დიდი ხანია მკაფიოა - ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ფლოტის შემოსვლას და მის მომსახურებას არ დაუშვებს. ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები, რომ არ დაფიქსირებულა, ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელის სპეციალურ წარმომადგენელსაც უთხრა. ო"სალივანისთვის გაგზავნილ წერილში იყო ბოლო 4 წლის სტატისტიკაც, რომლის თანახმად საქართველომ ნავსადგურებში შესვლაზე უარი უთხრა 55 გემს, უკან გააბრუნა – 2500 სანქცირებული ტვირთი და უარი თქვა ექსპორტისა და რეექსპორტის 1750 ოპერაციაზე- ამ ფონზე ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებს ქართული ოცნება- საქართველოზე მიზანმიმართულ თავდასხმად განიხილავს.

ევროკომისიის სპიკერი არ არის ერთადერთი, ვინც ბრიუსელის გადაწყვეტილების მიუხედავად, ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბრობს. პორტის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე, მიუთითებდა გერმანიის ელჩი, თუმცა დიპლომატიური სამსახური ამ დრომდე არ პასუხობს "კურიერის" შეკითხვას - რა ფაქტები აქვს პეტერ ფიშერს.

დღის ამბები