ილია მეორე 18 საათია, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კათოლიკოს პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში დაახლოებით ღამის 3 საათზე, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. კლინიკაში მალევე მივიდა და მკურნალობის პროცესს პირადად აკვირდება ჯანდაცვის მინისტრი.
საქართველოს პატრიარქის მკურნალობის პროცესში ქართველ ექიმებს თურქი კოლეგები სულ მალე შეუერთდებიან. სასულიერო პირების ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელების მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, რაც დამაიმედებელია.
კავკასიის მედიცინის ცენტრში დილიდან შეკრებილია კონსილიუმი. საქართველოს საუკეთესო რეანიმატოლოგები და წამყვანი სპეციალისტები ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან პატრიარქის კლინიკურ მდგომარეობას, პროცესების დინამიკას და განსაზღვრავენ ყველა შემდგომ ნაბიჯს.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ხელისუფლება. კლინიკაში ორჯერ მივიდა საქართველოს პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ სახელმწიფო პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალურ ზრუნვას განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით კი, ჯანდაცვის სამინისტრო და თითოეული ექიმი პატრიარქის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებენ. ილია მეორეს შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემაც. კლინიკაში გვიან ღამითვე მივიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მამუკა მდინარაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კავკასიის მედიცინის ცენტრში შეკრებილი კონსილიუმის წევრებისგან დღესაც პირადად მიიღო. კლინიკაში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველი და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
პატრიარქისთვის ჯანმრთელობის პარაკლისი კლინიკაში დღეს არაერთხელ ჩატარდა. სასულიერო პირები მრევლს ილია მეორეს ჯანმრთელობისთვის ლოცვას სთხოვენ.
თითქმის ნახევარი საუკუნე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში - ილია მეორე ქვეყნის პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს.
93 წლის პატრიარქის ღვაწლი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ილია მეორეს აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირია. სწორედ ილია მეორის ძალისხმევით მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ილია მეორემ დაამკვიდრა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია. დღეს მას 50 000-მდე ნათლული ჰყავს. სწორედ მისი პატრიარქობის დროს გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი. ილია მეორე 49 წელია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია.