"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი დოკუმენტის ავტორი აცხადებს, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის წარმოების წინაპირობაზე ტექსტში არ უსაუბრია. პატრიცია გრჟებიკმა ინტერვიუ "რადიო თავისუფლებას" მისცა. პოლონეთის მთავრობასთან ღიად აფილირებულ მკვლევარს უკვირს, რატომ შეაქვს "ქართულ ოცნებას" ეჭვი მის ობიექტურობაში. გრჟებიკი არც იმას უარყოფს, რომ საკვლევი დრო რამდენიმე თვის ნაცვლად 2 კვირამდე შეამცირა. დასკვნა კი მეტწილად
სარეკომენდაციო ხასიათის სურვილებს შეიცავს.
პატრიცია გრჟებიკის მიერ მომზადებულ დასკვნას სუბიექტური პოლიტიკური მისწრაფებებით ნაკარნახევი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. "მოსკოვის მექანიზმის" საპასუხოდ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ ტექსტში გამოთქმული მოსაზრებების გამაბათილებელი არგუმენტები წარმოადგინა. ისაუბრა გრჟებიკის მიერ დამალულ ინტერესთა კონფლიქტზეც. თქვა ისიც, რომ ნაჩქარევად შექმნილი დასკვნა, სავარაუდოდ, ქართულ ოპოზიციასთან შეთანხმებით წინასწარ
დაწერილი ტექსტი იყო. საერთაშორისო ტრიბუნალებზე საუბარი კი სამართლებრივი აბსურდია.
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი დოკუმენტის ავტორი უარყოფს, ქართულ ოპოზიციაში კი კვლავ ამტკიცებენ, რომ დასკვნა საერთაშორისო გამოძიების წინაპირობად უნდა იქცეს.
ოპოზიციას, კვლევის ავტორს და ევროპელ ბიუროკრატებს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ დასკვნა კონკრეტული ძალების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად დაიწერა. მიზანი კი ოპოზიციისთვის მაშველი პოლიტიკური რგოლის შექმნა და არასწორი აღქმების გაღვივება იყო.
"მოსკოვის მექანიზმი" საქართველოს წინააღმდეგ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 23 ქვეყნის ინიციატივით ამოქმედდა. საბოლოო დასკვნა ეუთოს 57 ქვეყნიდან მხოლოდ 24-მა გაიზიარა. დოკუმენტს შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რეგიონის ქვეყნები არ შეუერთდნენ.