08 ივნისი 2026,   11:03
ვრცლად
აჭარაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია "ქურდულის სამყაროს" წინააღმდეგ - დაკავებულია 72 პირი

ე.წ. ქურდული გარჩევის კადრები ბათუმში, კონსპირაციულ ბინაშია გადაღებული. 5 პირი ფინანსური დავის მოგვარების კრიმინალურ მეთოდებს განიხილავდა. გეგმავდნენ როგორ გადაენაწილებინათ თანხა. მეთოდი უცვლელი ჰქონდათ - მუქარა და დაშინება ე. წ. კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების სახელით.

ვინ არიან პირები, რომლებიც კონსპირაციულ ბინაში ე.წ. ქურდულ გარჩევებს ხშირად აწყობდნენ? რამდენიმე მათგანის ვინაობა "კურიერისთვის"ცნობილია.

მათ შორის არიან ფირუზ და რევაზ წულუკიძეები. ძმები, რომლებმაც "ნამახვან ჰესზე" მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს იქ მყოფ სამ პირს. მათ 5 წელით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულებმა მალევე დატოვეს. წულუკიძეები სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ფირუზ და რევაზ წულუკიძეების დაკავებამდე, გამოძიებამ მათ წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებებიც მოიპოვა, მათ შორის ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ძნები ე.წ. ქურდულ გარჩევებში, აქტიურად მონაწილეობდნენ. საუბრებით ირკვევა, რომ წულუკიძეები ბათუმში გავლენების გაძლიერებას ცდილობდნენ, შემუშავებული ჰქონდათ გეგმაც.

სატელეფონო ჩანაწერებში ასლან ქობულაძის საუბრებიც ისმის, ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოში მყოფ მხარდამჭერებს, საზღვარგარეთიდან მითითებებს აძლევდა. "კურიერის" ინფორმაციით, ფარული მასალის ერთ-ერთ ეპიზოდში ის საკუთარ ძმას დუკა ქობულაძეს საყვედურობს, რომ კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღეს.

გასაჯაროებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ე.წ. კლანის წევრებს, თანხის გამო, შიდა დაპირისპირებაც ჰქონდათ.

ყველა პირი, რომელიც ორგანიზებული დანაშაულში მონაწილეობდა დაკავებულია. 72 იდან სამი ქალია. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბათუში სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.

გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემაც. ჯგუფის წევრები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, მოდავე მხარეებს მუქარით აიძულებდნენ თანხის მიტანას, ვადის გადაცილების შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ანგარიშსწორების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში დევს.

მოპოვებულ მტკიცებულებებზე და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს შინაგანს საქმეთა მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა .

გეკა გელაძემ ერთ-ერთ მისამართზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მომხდარ ინციდენტზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, დაკავებული პირის ოჯახის წევრმა ფეხზე დაზიანება არა გასროლით არამედ მინის გატეხვის შედეგად მიიღო. 68 წლის ქალას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და კლინიკიდან მალევე გაწერეს.

70-მდე მისამართზე ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან.

დაკავებულებს ბრალი პროკურატურამ დღის ბოლოს წარუდგინა. სასამართლოზე ბრალდების მხარე ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიმართ გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები