ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი და "ბასიჯის" ხელმძღვანელი გოლამრეზა სულეიმანი. ისრაელ კაცის განმარტებით, ოპერაცია თეირანში გასულ ღამით განხორციელდა. ირანულ მხარეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
"პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე ისრაელის თავდაცვის ძალებს მივეცით მითითება, განაგრძონ ირანის ტერორისტული და რეპრესიული რეჟიმის ხელმძღვანელების დევნა; ჩვენი მიზანია, რვაფეხას თავი ბევრჯერ მოვკვეთოთ და მას აღდგენის საშუალება არ მივცეთ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც აღნიშნა, თუ რა სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს ირანის ლიდერები. როდესაც ვაშინგტონში გათენდება, მას ვაცნობებთ, რომ ორი გავლენიანი ფიგურის ლიკვიდაციის შემდეგ, ეს პროცესი გრძელდება და კიდევ უფრო დაჩქარდება".
ისრაელ კაცის განცხადებით, გენშტაბის ინფორმაციით, გასულ ღამით ლიკვიდირებულნი არიან ალი ლარიჯანი და "ბასიჯის" ხელმძღვანელი სულეიმანი, რომლებიც მომიტინგეების მკვლელობებზე პასუხისმგებლად მიიჩნევიან. მისივე თქმით, ისინი შეუერთდნენ "ბოროტების ღერძის" სხვა წარმომადგენლებსა და ირანის პოლიტიკის მთავარ ფიგურას.
"გენერალური შტაბის უფროსისგან ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომ უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანისა და რეპრესიული აპარატის, "ბასიჯის" ხელმძღვანელ სულეიმანის — მათი, ვინც მომიტინგეების მკვლელობებზე არიან პასუხისმგებელნი — ლიკვიდაცია გასულ ღამით განხორციელდა. ისინი შეუერთდნენ "ბოროტების ღერძის" სხვა წარმომადგენლებსა და ხამენეის, რომელიც ირანის გამანადგურებელ პოლიტიკას ედგა სათავეში", - აცხადებს ისრაელ კაცი.