ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრებზე. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ზედამხედველობის მექანიზმს არ აუქმებს და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინაშე კვლავ ანგარიშვალდებული იქნება.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პარლამენტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშნვნის თაობაზე თანხმობის მიცემის წესი აღარ იარსებებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
სხდომაზე კომიტეტის წევრები ასევე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებს: „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტს და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს გაეცნენ, რომლებიც კომიტეტს პირველი მოსმენით წარედგინა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.