18 ივნისი 2026,   18:05
ვრცლად
დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა ნატოს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა ნატოს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ.

"ვფიქრობ, გვყავს ერთი-ორი ისეთი ქვეყანა, რომელიც ამაში მონაწილეობას არ მიიღებს - ქვეყნები, რომელთა უსაფრთხოებასაც უკვე 40 წელია ათობით მილიარდი დოლარის ფასად უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ მოხსენებას წარვადგენ როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და დავსვამ კითხვას: რატომ ვიცავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ?"

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ნატოს სუსტი წერტილია. ჩვენ მათ დაცვაზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, თუმცა მუდამ ვამტკიცებდი: რომ როდესაც გაგვიჭირდება, ისინი მხარში არ დაგვიდგებიან. ახლა ასეთი მომენტი არ დგას - კრიტიკული საჭიროება მაშინ შეიქმნებოდა, საქმე რომელიმე დიდ სახელმწიფოს რომ შეხებოდა. თუმცა გეტყვით: ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი არმია შევქმენით და სხვებსაც სწორედ ჩვენ ვიცავთ".

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილა თუ არა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით მოკავშირეთა კოალიციის შექმნის საკითხი.

"დიახ, ვესაუბრე. ათბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, მის ჩართულობას 8 ქულას მივანიჭებდი. იდეალური არ არის, თუმცა, რა გაეწყობა - ეს საფრანგეთია."

"ვფიქრობ, დაგვეხმარება. ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით. გუშინდელი საუბრისას მათზე განსაკუთრებული ზეწოლა არ მომიხდენია, რადგან ჩემი პრინციპი ასეთია: ჩვენ არავინ გვჭირდება. ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო ვართ და ყველაზე მძლავრი არმია გვყავს - მათ გარეშეც მშვენივრად გავართმევთ თავს."

"თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამას ზოგჯერ იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მათი დახმარება მჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მაინტერესებს, როგორი იქნება მათი რეაქცია. წლებია ვამბობ: თუ ოდესმე მართლა დაგვჭირდებიან, ისინი მხარში არ დაგვიდგებიან - ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ უმეტესობა იქ არ იქნება."

ტრამპის განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი წლების განმავლობაში იცავს პარტნიორებს - გაერთიანებული სამეფო კრიტიკულ მომენტში სათანადო სამხედრო დახმარებისგან თავს იკავებს.

"გულახდილად გეტყვით: მათმა პოზიციამ გამაოცა. ჩვენ ორ ავიამზიდს ვითხოვდით, რაც მათ ნამდვილად გააჩნდათ, თუმცა პრემიერ-მინისტრს ამის გაკეთება არ სურდა. და აი, მას შემდეგ, რაც ომი ფაქტობრივად დასრულდა - ანუ მოწინააღმდეგე მიწასთან გავასწორეთ — მან განაცხადა: „ახლა მზად ვარ, ავიამზიდები გამოგიგზავნოთ". მე კი ვუპასუხე: "ახლა, როცა ომი მოგებულია და ყველაფერი დასრულდა, ისინი აღარ მჭირდება; მე ისინი მაშინ მჭირდებოდა, როცა ბრძოლა მიმდინარეობდა."

""სწორედ ამიტომ, გაერთიანებული სამეფოს პოზიციით უკმაყოფილო დავრჩი. ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც ჩაერთვებიან - შესაძლოა, თუმცა ისინი ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით უნდა მონაწილეობდნენ. ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავთ ამ ქვეყნებს ნატოს მეშვეობით, რადგან ნატო - ეს ჩვენ ვართ.“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები