გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია არ ჩაებმება ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"არ უნდა დავუშვათ რეგიონის ჩათრევა დაუსრულებელ ომში, რომლის მიზნებიც ბუნდოვანია. საომარი მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია დიდ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში. იგივე რისკებს შეიცავს ირანის სახელმწიფოებრივი წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკის შესაძლო კოლაფსი. აქედან გამომდინარე, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად, მკაფიო გეგმით და სტრატეგიით უნდა დასრულდეს|.
"ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მსგავსად, ჩვენც გვსურს ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების დასრულება, თუმცა ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს პოზიცია პირველივე დღიდან დავაფიქსირეთ და ფედერალური მთავრობის კურსი უცვლელია".
"ეს ასევე ნიშნავს, რომ ვიდრე ომი გრძელდება, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის სამხედრო გზით უზრუნველყოფაში. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია რაიმე სახის სტრატეგიის შესახებ, რომელიც ამ ოპერაციის წარმატებას განაპირობებდა. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ გაგვაჩნია გაეროს, ევროკავშირის ან ნატოს ის მანდატი, რომელსაც გერმანიის კონსტიტუცია მოითხოვს," -აცხადებს ფრიდრიხ მერცი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.