04 აგვისტო 2026,   04:24
ვრცლად
სასურსათო პროდუქტებზე ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დასრულდა - ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, ე.წ. ქეშბექს დისტრიბუტორები ადგენენ

საპარლამენტო კომისიამ რიგით მერვე სხდომაზე საკვებ და სწრაფი მოხმარების პროდუქტებზე ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დაასრულა. კომისიის წევრებმა დღეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმინეს. ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები მათი მისამართით გაჟღერებულ შენიშვნებს და პრეტენზიებს არ იზიარებენ. აცხადებენ, რომ ე.წ. ქეშბექს არა ისინი, არამედ დისტრიბუტორები ადგენენ და ამ შესაძლებლობას თავად ფასდაკლებებისთვის იყენებენ.

რამდენად განსხვავდება დახლზე მოთავსებული პროდუქტის ფასი თვითღირებულებისგან და რა გავლენა ექნება ბაზარზე ე.წ. ქეშბექის გაუქმებას. ქსელური მარკეტების ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა ისიც, რომ მომწოდებლებთან შეთანხმების შემთხვევაში ისინი მზად არიან ე.წ. ქეშბექი გაანულონ.

ოთხსაათიან საუბარს არ ჩაუვლია საკვანძო საკითხებზე მსჯელობის გარეშე. კომისიის წევრებმა მსხვილი მარკეტების ხელმძღვანელებს კაბალურ შეთანხმებებზეც ჰკითხეს. დეპუტატები დაინტერესდნენ, დათანხმდებიან თუ არა ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები ევროპული სტანდარტის დანერგვას, რომელიც მხარეებს შორის საკონტრაქტო პირობებს განსაზღვრავს.

კონკურენტული გარემოს შექმნა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა - დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ არსებული პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

სასურსათო პროდუქციაზე ფასწარმოქმნის ჯაჭვის შემსწავლელი კომისიის წევრები მომდევნო სხდომაზე ბენზინგასამართი სადგურებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ.

დღის ამბები