18 ივნისი 2026,   16:51
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება - ირანის დარტყმების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ვითარება რთულდება და ნავთობის ფასი 105 დოლარამდე გაიზარდა

ირანის საჰაერო თავდასხმის სამიზნე ამჯერად თელ-ავივის გარეუბანი გახდა. რიშონ-ლეციონში კასეტური რაკეტის ჩამოვარდნას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. განადგურებულ საცხოვრებელ სახლებთან ახლა მეხანძრე-მაშველები და მედიკოსები მუშაობენ.

დარტყმებს ახორციელებს ისრაელიც. აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, შირაზსა და თავრიზში. სამიზნე "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" და "ბასიჯის“ შტაბ-ბინები იყო. "ცაჰალის" განმარტებით, ირანის ხელისუფლება ობიექტებს ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციებისთვის იყენებდა.

ისრაელის არმიის სარდლობამ ლიბანში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის გაფართოების გადაწყვეტილებაც მიიღო. "ცაჰალის" 91-ე რეგიონული დივიზია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში შაბათს, გვიან ღამით შევიდა. მიზანი სასაზღვრო ბუფერული ზონის გაფართოება და რადიკალური დაჯგუფების "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ახლო აღმოსავლეთში ომის მე-17 დღეს რთულია ვითარება ჰორმუზის სრუტეშიც. წყალქვეშა ნაღმებისა და საჰაერო დარტყმების საფრთხის გამო, სტრატეგიულ დერეფანს, რომელზეც მსოფლიო ნავთობვაჭრობის 20% მოდის, თეირანი ვაშინგტონის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტად იყენებს.

შექმნილი ვითარების გამო დონალდ ტრამპი მოკავშირეებს მოუწოდებს სპარსეთის ყურეში ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები გაგზავნონ, რადგან მისი განმარტებით, ევროპას ამ ტიპის შეიარაღების უფრო დიდი რესურსი აქვს, ვიდრე ვაშინგტონს. "ფაინენშალ თაიმსთან" ინტერვიუში ტრამპმა ისიც თქვა, რომ თუ შტატებს მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის დაცვაში არ დაეხმარებიან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს "ძალიან ბნელი" მომავალი ელის.

ვაშინგტონიდან სამხედრო კამპანიაში ჩართვის შეთავაზება ამერიკის ევროპელი მოკავშირეებისთვის მიუღებელია. ევროპულ დედაქალაქებში გამორიცხავენ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხის ნატოს ფორმატში განხილვას.

ტრამპის განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ ენერგეტიკული დერეფანი მხოლოდ იმ სახელმწიფოების ხომალდებისთვისაა დახურული, რომლებიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობენ.

აშშ-ის, ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტის მესამე კვირას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები იზრდება. "როიტერი" წერს, რომ დღეს ბარელის ფასი 105 დოლარია. სააგენტო წერს, რომ საერთო ჯამში მიმდინარე თვეს ამ ტიპის ბუნებრივი რესურსი 40%-ით გაძვირდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები