06 აგვისტო 2026,   14:48
ვრცლად
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა და პოლიტიკური შეფასებები - ხელისუფლება დოკუმენტს საქართველოს ინტერესების დაზიანების მცდელობად მიიჩნევს

გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, მშვიდობა, ობიექტური მედია და სამართლის უზენაესობა - ეს ის საკითხებია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დღეს "მოსკოვის მექანიზმის" საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების პრიორიტეტებად დაასახელა. პრემიერის აზრით, ობიექტური გარემოებები აჩვენებს, რომ დასკვნა, რომელიც პოლონეთის ოფიციოზთან დაახლოებულმა პატრიცია გჟებიკმა მოამზადა, საქართველოს ინტერესების სწორედ ამ კუთხით დაზიანებას ისახავს მიზნად. გჟებიკი, რომელიც მსჯავრდადებულ სააკაშვილის ლობიზმით დაკავებული პოლონური ისტებლიშმენტის ნაწილია, საქართველოს ხელისუფლებისთვის ობიექტურ დამკვირვებლად ვერც ერთ კომპონენტში ვერ ჩაითვლება.

მთავრობის კანცელარიაში ამ თემაზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერმა დეტალურად მიმოიხილა გჟებიკის მიერ დაწერილი რვავე რეკომენდაცია. კობახიძის თქმით, ლგბტ პროპაგანდისა და გაუმჭვირვალე ტრანზაქციების პრევენციისთვის შექმნილი კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნა სუვერენიტეტის ხელყოფის პირდაპირი მცდელობაა. პრემიერმა დღეს ისიც თქვა, რომ საპოლიციო ღონისძიებების დროს არსებული გადაცდომების აღმოფხვრა სახელმწიფომ გასული წლის 4 ოქტომბერს უკვე დაამტკიცა. პოლიტიკური მიკერძოებით წინასწარ დაწერილი დასკვნის გათვალისწინებას კი, ხელისუფლება არ დაუშვებს.

დოკუმენტის პოლონელი ავტორის ობიექტურობის უაპელაციოდ სჯერა ქართულ ოპოზიციას. ტექსტის გამოქვეყნებიდან 5 დღეში, მათი უმრავლესობა ღიად აცხადებს, რომ აქვთ გეგმა სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნალთან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშაონ. ოპოზიცია არც იმას მალავს, რომ ე.წ. დამოუკიდებელ ექსპერტებთან წარსულშიც აქტიურად თანამშრომლობდნენ.

ნებისმიერი მცდელობა, საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, მარცხისთვის არის განწირული - ასეთია საპარლამენტო გუნდის ლიდერების პასუხი, რომლებიც მოსკოვის მექანიზმის უკან ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს ხედავენ. საერთაშორისო მექანიზმების ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრა დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რომ სუბიექტურად დაიწერა, ამაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ დასკვნის ავტორმა უწყების მიერ მიწოდებული ყველა ობიექტური მტკიცებულება უგულებელყო. პოლიციელების მძიმე დაზიანების ფაქტები კი საერთოდ დამალა.

მოსკოვის მექანიზმის ამუშავების ინიციატორი 23 ქვეყანა იყო. საბოლოო დასკვნას ორგანიზაციის 57 წევრიდან მხოლოდ 24 შეუერთდა. საქართველოს წინააღმდეგ მომზადებულ დოკუმენტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და რეგიონის ქვეყნებმა არ გაიზიარეს.

დღის ამბები