18 ივნისი 2026,   20:34
ვრცლად
13 ნომინაცია და 6 ოსკარი - ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოების ტრიუმფატორი "ბრძოლის შემდეგ ბრძოლა" გახდა

13 ნომინაცია და 6 ოსკარი - ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოების ტრიუმფატორი "ბრძოლის შემდეგ ბრძოლა" გახდა.

ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად პოლ ტომას ანდერსონის ნამუშევარი აღიარა.

ფილმი რევოლუციონერ ბობზე მოგვითხრობს, რომელიც მტრებისგან ქალიშვილის დაცვას ცდილობს. ყოფილ რევოლუციონერს ლეონარდო დიკაპრიო განასახიერებს. ამავე ფილმში მეორეხარისხოვანი მსახიობის როლისთვის ჯილდო შონ პენმაც დაიმსახურა და იმ ლეგენდებს შეუერთდა, ვის ანგარიშზეც სამი ოსკარია.

"ბრძოლის შემდეგ ბრძოლა" 98-ე დაჯილდოებაზე ის ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც ყველა მთავარ კატეგორიაში გაიმარჯვა. პოლ ტომას ანდერსონმა ოსკარები საუკეთესო რეჟისორისა და ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო. რეჟისორს მანამდე კარიერაში 11 ნომინაცია ჰქონდა, თუმცა გამარჯვება პირველად მოიპოვა.

პირველი ნომინაცია და პირველი ოსკარი მაიკლ ბი ჯორდანისთვის, ფილმისთვის "ცოდვილნი". 39 წლის მსახიობს კონკურენციას ტიმოთე შალამე, ლეონარდო დიკაპრიო, ითან ჰოუკი და ვაგნერ მოურა უწევდნენ.

მსახიობი ორმაგ როლს თამაშობს - ის ტყუპი ძმების – სმოუქისა და სტეკის – როლებს განასახიერებს, რომლებიც დიდი დეპრესიის დროს მოპარული ფულით მუსიკალური ბარის გახსნას მისისიპიში ცდილობენ.

ვამპირის თემაზე შექმნილმა ისტორიამ, რომელიც ამერიკის სამხრეთში რასობრივი სეგრეგაციის ეპოქაში ვითარდება, ნომინაციების რეკორდი მოხსნა. 16 კატეგორიაში დასახელებულმა ნამუშევარმა ოთხი ოსკარი მიიღო.

საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ჯესი ბაკლიმ მოიპოვა. ფილმში „ჰამნეტი“ უილიამ შექსპირის მეუღლეს - აგნეს ჰეთევეის პერსონაჟს განასახიერებს. ფილმი დრამატურგის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას - 11 წლის ვაჟის, ჰამნეტის გარდაცვალებას ასახავს.

ბაკლისთვის ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მანამდე მან სეზონის თითქმის ყველა დაჯილდოება მოიგო, მათ შორის ბაფტა, ოქროს გლობუსი და მსახიობთა გილდიის ჯილდო. ახლა კი ის პირველი ირლანდიელი მსახიობი ქალი გახდა ისტორიაში, რომელმაც კინოინდუსტრიის მთავარი ჯილდო მოიპოვა.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი 75 წლის ემი მედიგანი გახდა. საშინელებათა ფილმში "იარაღები", რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორიც ზაკ კრეგერია, მედიგანი ბოროტი დეიდა გლედისის როლს ასრულებს. ეს მისი პირველი ოსკარია - ოთხი ათწლეულის შემდეგ, რაც მსახიობი პირველად იყო ნომინირებული.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ჯილდო გადაეცა ნამუშევარს "მისტერ არავინ პუტინის წინააღმდეგ".

საუკეთესო ანიმაციურ ფილმად "კეი პოპ დემონებზე მონადირე" დასახელდა. Netflix-ის პროექტი, რომელიც გლობალურ ჰიტად იქცა. ფილმის სიმღერამ Golden ასევე მოიპოვა ოსკარი ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში.

98-ე დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ანა ვინტურისა და ენ ჰეთეუეის გამოსვლა იყო. ისინი მაკიაჟის, ვარცხნილობისა და კოსტიუმების ნომინაციების წარსადგენად სცენაზე ერთად გამოვიდნენ.

საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში ოსკარი ნორვეგიულმა ფილმმა "სენტიმენტალური ღირებულებები" მოიპოვა.

ტრადიციულად ოსკარზე პატივი მიაგეს იმ მსახიობებს, რომლებიც კინოინდუსტრიამ გასულ წელს დაკარგა. მათ შორის რობერტ რედფორდი, დაიან კიტონი და კეტრინ ოჰარაა.

ცერემონიას კომიკოსი კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა. გახსნისას მან ხუმრობით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია "ოსკარის ბოლო ადამიანი წამყვანი იყოს", იმ ფონზე, როდესაც ჰოლივუდში ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. ღონისძიებას, რომლის გამარჯვებულებს ამერიკის კინოაკადემიის დაახლოებით 10 000 წევრი ირჩევს, რამდენიმე ათეული მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები