18 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
"სად არის ირანი?" - რატომ ვერ არჩევენ ევროპარლამენტარები რუკაზე ირანის გეოგრაფიულ მდებარეობას

"სად არის ირანი?" - ამ კითხვაზე პასუხი რიგით მოქალაქეებს რომ ვერ გაეცათ, ალბათ გასაკვირი არ იქნებოდა. თუმცა, ირკვევა, რომ ისინი, ვინც რუკაზე ვერ არჩევენ, სად არის ირანი - ევროპარლამენტარები არიან. თან ის დეპუტატები, რომლებიც ისლამური რესპუბლიკისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. უფრო სწორად, საპარლამენტო ინიციატივის შემოსვლის შემთხვევაში ხელს მწვანე ღილაკზე აჭერენ და ამით სხვა ქვეყნის ბედს წყვეტენ.

ევროპელი პოლიტიკოსები რუკაზე ქვეყნების პოვნაში რომ მოიკოჭლებენ, სამაგიეროდ კი მითითებებს მარტივად გასცემენ - ამაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ევროდეპუტატები სხვისი მითითებით მოქმედებენ და მათ რეალურად სხვა სახელმწიფოებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ოპოზიცია საკითხის შეფასებისგან თავს იკავებს. "ნაციონალური მოძრაობა" ევროპის პარლამენტში ფრანგული მედიის მიერ დასმულ კითხვას - რუსულ პროპაგანდას უწოდებს. გახარიას პარტიაში კი მხოლოდ ერთ რამეს აცხადებენ, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის გეოგრაფიის გაკვეთილებს ვერ ჩაატარებენ.

ევროპარლამენტარების ზოგადი განათლების მაჩვენებელი, რეალურად, პოლიტიკისადმი მათი დამოკიდებულების მაჩვენებელია უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის. საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ სწორედ მსგავსი პრაქტიკით მუშაობენ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოსთან დაკავშირებითაც.

ცნობილი ევროპარლამენტარების: ემა რაფოვიცის, ფაბიენ კელერის, მარი ტუსენის და დავიდ კორმანდის მონაწილეობით ვიდეო, სადაც ისინი რუკაზე ირანის მდებარეობას ვერ აჩვენებენ - სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. რასაც მალევე გარკვეული მედიასაშუალებების, პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების მხრიდან ევროპარლამენტის წევრების კრიტიკა მოჰყვა.

დღის ამბები