ვინ უწევდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმს კოორდინაციას საქართველოში - დავით ქაცარავამ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ღიად თქვა, რომ მას უჩა ნანუაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში უნდა გამოეკითხათ.
ქაცარავას ეს განცხადება მმართველი გუნდისთვის დადასტურებაა, რომ მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტი ოპოზიციისა და მათი პარტნიორების კოორდინაციის შედეგად მომზადდა. "ქართული ოცნებისთვის" ანგარიში წინასწარ დაწერილი და რეალობას აცდენილია.
თავად უჩა ნანუაშვილი დღეს არც საჯაროდ გამოჩნდა და არც "კურიერის" სატელეფონო ზარებს უპასუხა. მისი დაცვა კი მიხეილ სააკაშვილის პარტიამ სცადა.
მოსკოვის მექანიზმის ანგარიში მმართველი გუნდისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემუშავებული კიდევ ერთი დოკუმენტია. სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ უცხოელმა და ქართველმა აქტორებმა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ კოორდინირებულად იმუშავეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც ყოფილ სახალხო დამცველს ბოლო პერიოდში უკავშირდება. უჩა ნანუაშვილმა ბრიუსელში საქართველოს წინააღმდეგ ჩვენება BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებითაც მისცა. თქვა, რომ BBC-ის მტკიცებულებების გარეშეც ენდობა და აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე რეაგირება ევროკომისიას სთხოვა. ერთი წლის წინ კი ექს-ომბუდსმენი ექს-პრეზიდენტთან ერთად რუსმა ჟურნალისტებმა გააპრანკეს. მაშინ ნანუაშვილი არ მალავდა, რომ ქუჩაში გაწვრთნილი და შეიარაღებული ხალხი ჰყავდათ და თბილისში საპროტესტო მუხტისთვის დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობდა.