07 აგვისტო 2026,   08:58
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: ვიზიტიდან ორ დღეში ეუთო-ს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, საეჭვოა რამდენად შესაძლებელი იყო ამხელა მასალის გადამუშავება ორ დღეში, ეს ბადებს ეჭვს, რომ ანგარიში წინასწარ იყო მომზადებული

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გადაცემაში "იმედის კვირა", ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

"ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გამოგვეთვალა, თუ რა იყო ინტერესი ამ მექანიზმის ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ეუთო-ს ექსპერტთან, მივიღეთ საქართველოში, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ, ყველა მოთხოვნილი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ეუთო-ს წარმომადგენელს მიაწოდეს ყველა მოთხოვნილი მასალა, რაც კი მას აინტერესებდა.

"ამ ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთო-ს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, რაც თავისთავად ბადებდა ეჭვს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფიზიკურად ამხელა მასალის, ამდენი ინფორმაციის გადამუშავება ორ დღეში. რა თქმა უნდა, ეს ბადებდა ეჭვს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში, წინასწარ მომზადებული დოკუმენტი", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA), "გრანტების შესახებ" კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

დღის ამბები