07 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
კაცი, რომელიც გალაკტიონს იცნობდა - 96 წლის მელიტონ ჭეიშვილის მოგონებები "კურიერი P.S."-ში

წიგნები მთელ გალაქტიკას ურჩევნია, პოეზია კი - გალაკტიონის. იმ კაცის, რომელიც წლების წინ მისი ახლო მეგობარი იყო. 96 წლის მოხუცს გალაკტიონ ტაბიძეზე არაერთი მოგონება შემორჩა. თითქმის საუკუნის წინ პოეტისთვის ბიძისგან გაგზავნილი წერილი მიუტანია, მას შემდეგ დაწყებულა მათი მეგობრობის ამბავიც. თვეში ორჯერ აკითხავდა. მელიტონ ჭეიშვილი გვიყვება, რომ სახალხო პოეტს ხშირად უკითხავდა შექსპირის სონეტებსაც.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრეც ნახა, გარდაცვალების შემდეგ კი გალაკტიონის ბინის აღწერასაც ესწრებოდა. ქართველ პოეტს სიგარეტის კოლოფებზეც კი ჰქონია გამოუქვეყნებელი შედევრები დაწერილი. წინასწარ შეუდგენია დაკრძალვის სცენარიც.

მელიტონ ჭეიშვილი, დაიბადა და გაიზარდა სოფელ ასკანაში, მრავალშვილიან ოჯახში. გაუჭირდათ, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და პურიც კი აღარ იშოვებოდა. 1937 წელს მამა დაუპატიმრეს, ამ დროს დედა მეცხრე შვილზე ყოფილა ორსულად.

სტუდენტობა მამიდის სახლში გაატარა. თბილისში რომ ჩამოვიდა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სწორედ იქ დაუახლოვდა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამაარსებელს დიმიტრი უზნაძეს. მელიტონ ჭეიშვილი დიმიტრი უზნაძის ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი მოსწავლეა.

განწყობის ფსიქოლოგიის მოძღვრების შემქმნელი მეცნიერი, კაცი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, თბილისში ხელმოკლედ ცხოვრობდა.

დიმიტრი უზნაძემ საკუთარი სახლიც კი ფსიქოლოგიის ლაბორატორიას დაუთმო. მის ლექციებს იმ დროში თურმე უამრავი სტუდენტი ესწრებოდა, ატარებდნენ ექსპერიმენტებსაც, სტუდენტებსაც ყველაზე ბევრს განწყობის თეორიაზე ესაუბრებოდა.

პროფესიით ისტორიკოსი, ფსიქოლოგი და მეცნიერი მელიტონ ჭეიშვილს12 წელი ჰქონდა სპეციალურ არქივებში შესვლის უფლება, სადაც შეისწავლა გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ისტორიას ეხება და რომლის შესახებაც დღემდე არავინ არაფერი იცის.

20 წელზე მეტია, თბილისიდან 40 კილომეტრში, სოფელ ჯორჯიაშვილში დასახლდა. სიბერის წლებს მეუღლესთან ერთად მიწასთან მუშაობაში ატარებს.

წიგნები მისთვის ყველაფერია, დღის უმეტეს ნაწილს უთმობს. თითქმის 100 წელს მიღწეული მოხუცი არც თვალის ჩინს უჩივის და წლებმაც დიდად ვერაფერი დააკლო.

დღემდე წარსულის მოგონებებით ცხოვრობს, დროდადრო ისევ ფურცლებში ჩაიკარგება ხოლმე და ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობას იწყებს.

დღის ამბები