გაზაფხული სიახლესთან ასოცირდება, ქართულმა ოპოზიციამაც სეზონური განახლების შანსი ხელიდან არ გაუშვა, თაროდან ისევ "ერთობის" საკითხი ჩამოიღო და კარგად ნაცნობი პოლიტიკური სცენარიც მარტის ამინდს ერთი-ერთში დაემთხვა - დიდი ერთობის ილუზიამ 8 დღეს გასტანა და ზუსტად ისე დაიმსხვრა, როგორც აქამდე და თან მრავალჯერ.
სანამ ქართული ოპოზიციის სტრატეგია მეცნიერების დაკვირვების ობიექტი გახდება, მისმა მოჯადოებულმა წრემ რამდენიმე ტენდენცია ნათლად აჩვენა - პომპეზური განცხადებებით დაწყებული ერთობა, დიდი ლანძღვით სრულდება, შემდეგ დღის წესრიგში პოლიტიკური ამნეზია დგება, რასაც პოლიტიკური დეჟავუ მოსდევს და ასე დაუსრულებლად.
ციხე შიგნიდან ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა გატეხეს. შიგნიდან, თუმცა ისე საჯაროდ, რომ ამ ამბავმა სოციალური ქსელი სრულად მოიცვა.
სტატუსებით ომის ქრონოლოგია ასე გამოიყურება: "თავისუფლების მოედანი" "ნაციონალური მოძრაობის" წარსულისგან დისტანცირდა, თუმცა ფაქტები სააკაშვილის პარტიასთან მათ კავშირებზე ბევრს ჰყვება. პეტრე ცისკარიშვილს ეს ეწყინა. პოზიციაც საჯაროდ გამოხატა, რაზეც, თავის მხრივ, ჩერგოლეიშვილი გაბრაზდა. გაბრაზდა სააკაშვილიც და "ნაციონალური მოძრაობაც," თუმცა მათ არა საკუთარი პარტიის წევრი, არამედ ორი კვირის წინ გაფორმებული შეთანხმება დაიცვეს და პარტნიორებზე თავდასხმას გაემიჯნენ. ერთადერთი, ვინც პეტრე ცისკარიშვილი დაიცვა, თუმცა საქციელი არ მოუწონა, მისივე ყოფილი თანაპარტიელი აღმოჩნდა.
აქ შეცდომებზე მეტად, როგორც გვარამია იტყოდა, ერთმანეთის ლანძღვა "მოსულა." არქივი ბევრ მსგავს განცხადებას ინახავს, რომლებსაც აწმყოში ერთი პოლიტიკური მაგიდის ირგვლივ მსხდომები, წარსულში ერთმანეთის წინააღმდეგ აკეთებდნენ.
ახალი ოპოზიციური ალიანსი საერთო პოლიტიკური წარსულით შეიქმნა. სწორედ ამიტომ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცხრავე ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურება. გადაწყვეტილებებს კი ქვეყნის გარედან ნაკარნახევი მითითებებით იღებენ.
საქართველოში, ტრადიციულად, ოპოზიციური გაერთიანებების სასიცოცხლო ციკლი ძალიან მოკლეა - ზოგჯერ იმდენად მოკლე, რომ დასასრულისთვის ერთი კვირაც საკმარისია. თუმცა ამჯერად სხვა თემაც გააქტიურდა: შესაძლოა თინა ბოკუჩავას თანამდებობა ჩერგოლეიშვილი-ცისკარიშვილის ჩხუბს შეეწიროს. ლევან ხაბეიშვილის ადგილმონაცვლე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ალიანსში მიმდინარე პროცესები "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რადგან ფიქრობენ, რომ ერთობის ილუზიის შექმნა იძულებითი ქმედებაა, და არა გაერთიანების რეალური მდგომარეობა.
პროცესს აკვირდებიან ალიანსს მიღმა დარჩენილი გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიებიც. მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" წითელი ხაზები გაავლეს და 9, 11-ად არ აქციეს, თუმცა ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ბანკირების პარტიებს მმართველი გუნდი წარსულს და სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობის ფაქტებს ახსენებს.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანს. ამას 10 დამაჯერებელი გამარჯვება და საზოგადოების არჩევანიც მოწმობს, თუმცა პრემიერ მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი დაკორექტირდეს.
ნაცნობია პერსონაჟებიც, განცხადებებიც და სცენარიც- ახალ ალიანსში არ გამორიცხავენ, რომ ისევ ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანდნენ, თუმცა ოპოზიცია ჯერ ისევ ერთმანეთის ოპოზიციად არის ქცეული.