უარი ძალადობას, ბოიკოტს და მოწოდება დიალოგისა და არჩევნებისკენ - 3-დღიანი ვიზიტის შედეგები ერთ განცხადებაში ჩაიწერა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით გამოქვეყნდა. დელეგაციამ მოისმინა ყველა მხარის პოზიცია, შეხვდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ამის შემდეგ კი მკაცრად დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. მკაფიო შეფასებებთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეამ განცხადებაში რეკომენდაციებიც ჩაწერა და შენიშვნებიც.
შემაჯამებელ განცხადებამდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აქცენტი დიალოგის აუცილებლობაზე გააკეტა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება "ქართულ ოცნებაში" დაგვიანებულად, თუმცა, სამართლიანად შეფასდა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები მოვლენებს ფაქტებით აფასებენ, მკაცრად გმობენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობას და ოპოზიციის სტრატეგია, რომელიც საპარლამენტო მანდატებზე უარს და რადიკალურ ქმედებებს გულისხმობს, მცდარად მიაჩნიათ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, მმართველი გუნდის გარდა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათი პოზიციები მოისმინა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკურ სპექტრს დიალოგის აღდგენის მიზნით, პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდებს, გმობს 4 ოქტომბრის მოვლენებს და განმარტავს, რომ "ცვლილებები არა ძალადობით, არამედ საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოების მეშვეობით უნდა განხორციელდეს". ამავდროულად, პოლიტიკური სცენის დეესკალაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავრობას მოუწოდებს, განიხილონ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული იმ პატიმრების გათავისუფლების საკითხი, რომლებმაც სასჯელის მინიმუმ 50% უკვე მოიხადეს.
შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახალხო დამცველთანაც. ომბუდსმენმა დელეგაციას ინფორმაცია ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა.
ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება - განაცხადეს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა. სწორედ რეგიონული უსაფრთხოებისა და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერების გამოწვევები განიხილა ასამბლეის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე.
პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს შესაბამის ინსტიტუტებში, ხოლო ბოიკოტი არ შეიძლება იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა - ეს არის ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის მთავარი განაცხადი.