14 აგვისტო 2026,   20:12
ვრცლად
მარნეული, ბოლნისი, დმანისი-ქვემო ქართლის სამ რეგიონში საგანმანათლებლო, სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება 

მარნეულში, წყალარინების ამ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ - განახლებული ინფრასტრუქტურა ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას უზრუნველყოფს. შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების რისკს, ხელს შეუწყობს წყლის რესურსებისა და ეკოსისტემის დაცვას. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. რევაზ სოხაძის განმარტებით ახალი ნაგებობა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 46 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. პროექტის ღირებულება ჯამში 30 მილიონ ლარს აჭარბებს.

ქვემო ქართლში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დასრულების ეტაპზეა სოფლების იმირის, არაფლოს, განთიადის და ტალავერის საჯარო სკოლების მშენებლობა. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრმა ქვემო ქართლში საბავშვო ბაღების უკვე დასრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა.

დღესვე მინისტრი, მარნეულში ახალი სპორტული ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობასაც გაეცნო. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს ბოლნისშიც.

დასრულებულია დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის 15.4-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება დაახლოებით 21 მილიონ ლარს შეადგენს.

მარნეული, ბოლნისი, დმანისი-ქვემო ქართლის სამ რეგიონში საგანმანათლებლო, სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით ხორციელდება.

დღის ამბები