გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ფინეთი, შვედეთი დანია - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქვეყნებისა, რომლებსაც საქართველო გლობალურ რეიტინგში უსწრებს და პირველ ადგილს იკავებს - როგორც ქვეყანა, სადაც ქალები საჯარო სივრცეში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
მსოფლიო ასოციაციის, "ვინ ინთერნეიშენალის" გლობალურმა კვლევამ, რომელიც საქართველოში "გორბიმ" ჩაატარა, აჩვენა, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც გამოკითხული ქალების 89 პროცენტი ამბობს, რომ ღამით მარტო სიარულის დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობს. განსხვავებული რეალობაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევის მიხედვით, ევროპისა და ამერიკის კონტინენტების ქვეყნებში, ქალების უმეტესობა თავს დაცულად ვერ გრძნობს.
რატომ არის საქართველო გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილზე? - ერთ ერთი მიზეზი, კვლევის მიხედვით ქვეყანაში კრიმინალის დაბალი დონეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტია თითოეულმა მოქალაქემ საქართველოში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.
საქართველოში, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კრიმინალის დაბალი მაჩვენებელია ამას აღიარებენ ოპოზიციაშიც. თუმცა ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, "გორბის" კვლევის სანდოობას მაინც ეჭვქვეშ აყენებს.
სწორი, პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკა - მმართველი გუნდის განცხადებით, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ საქართველო დღეს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. "ქართული ოცნების" თქმით, კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლის დამსახურებაა ისიც, რომ ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობენ, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ტურისტებიც.
"გორბის" მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ერთ-ერთი და არა ერთადერთი კვლევაა, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველო გამორჩეულად უსაფრთხო ქვეყანაა.
45 ქვეყანა და 45 ათასი გამოკითხული - კვლევა "win ინთერნეიშელნალმა" ჩაატარა. საველე სამუშაოები საქართველოში კი "გორბიმ", რომელმაც 2026 წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით 2050 ზრდასრული გამოჰკითხა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.