07 აგვისტო 2026,   23:01
ვრცლად
"ამბასადორ აილენდ ბათუმი" მშენებლობა დაიწყო - ზღვისპირა რეგიონში თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი შეიქმნება

"ამბასადორ აილენდ ბათუმი" - ზღვისპირა ქალაქს მალე ახალი სავიზიტო ბარათი შეემატება. მასშტაბური პროექტის ფარგლებში აჭარაში, პირველი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო. ბათუმის კუნძულის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტი იმის დასტურია, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი განხორციელება რეალურია. ირაკლი კობახიძის თქმით, ცათამბჯენის მშენებლობა, რომელიც განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო იქნება, 2029 წელს დასრულდება.

ბათუმის კუნძულზე, მხოლოდ პირველი შენობისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

კაფსულის ჩაგდების ცერემონიამდე პრემიერი "ოცნების ქალაქში" იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინები საკუთრებაში გადაეცემათ.

მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპზე სამი 8 სართულიანი და ექვსი 13 სართულიანი კორპუსი შენდება. სამუშაოებისთვის 132 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელს ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს. პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ფართები საკუთრებაში ექვსასამდე ოჯახს გადაეცა.

დღესვე პრემიერმა ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების, 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა. ძირითადის გარდა, მოეწყობა სამი საბავშვო საცურაო აუზიც. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა და ფუნქციონირებს 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა.

დღის ამბები