06 აგვისტო 2026,   16:54
ვრცლად
ვინ არის "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის ავტორი - რას ამბობს გჟებრიკზე მმართველი გუნდი

პოლონეთის ინიციატივას ისევ პოლონელი შემსრულებელი ჰყავდა. საუბარია მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დასკვნის ავტორზე, პატრიცია გრჟებიკზე, რომელიც როგორც ირკვევა არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთის მთავრობის მრჩეველია. ვარშავის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, აკადემიური საქმიანობის გარდა, მჭიდრო კავშირები აქვს ხელისუფლებასთან, რაც საჯარო წყაროებშიც იძებნება. სწორედ ის წარმოადგენდა პოლონეთს გაეროს კომიტეტში, როგორც ქვეყნის იურიდიულ მრჩეველს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოებში. არის პოლონეთის საგარეო უწყების იურიდიული საკონსულტაციო კომიტეტის წევრი და არაერთი ანალიზის ავტორი, რომელიც პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, მათ შორის პრეზიდენტისთვის, იუსტიციის სამინისტროსა და პოლონეთის ომბუდსმენისთვის მომზადდა. იკავებს პოზიციას პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის საბჭოშიც, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებული ანალიტიკური ცენტრია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოქმედებს. სია ვრცელია, თუმცა ეუთოდან საქართველოს საგარეო უწყებისთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში არაფერი წერია იმაზე, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშის ერთადერთი მომხსენებელი საკუთარი ქვეყნის მთავრობის მრჩეველია. ფაქტი ქართული მხარისთვის კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ დასკვნაც წინასწარ იყო მომზადებული და წინასწარ იყო განსაზღვრული მისი ავტორიც.

პატრიცია გრჟებიკი, რომელიც პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციებშიც მონაწილეობს, საქართველოში 17-18 თებერვალს იმყოფებოდა. სწორედ ორდღიანი შეხვედრებისა და ონლაინ გამოკითხვების შემდეგ დაწერა ანგარიში, სადაც საუბარია მათ შორის ფარას ანალოგის, გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებაზე. დოკუმენტის შინაარსს და მოწოდებებს ოპოზიცია სრულად იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები არ აქვთ არც ანგარიშის მომზადების პროცესთან და არც ავტორის ობიექტურობასთან. მეტიც, ნაციონალურ მოძრაობაში დღეს ისიც თქვეს, რომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ დასკვნის ავტორი იმ ქვეყნის მთავრობის მრჩეველია, რომელთანაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირები აქვს მიხეილ სააკაშვილს.

კითხვები აქვს უმრავლესობას, თანაც არაერთი, როგორც კონკრეტული სუბიექტის დამოუკიდებლობაზე, ისე მისი ქვეყნის სუბიექტურ პოზიციაზე. "ქართულ ოცნებაში" დღეს ამბობდნენ, რომ პოლონელი ექსპერტის ანგარიშთან ერთად, საქართველოსთან მიმართებაში, ობიექტურობა დაკარგული აქვს თავად პოლონეთის მთავრობას, რასაც მოწმობს მათი ოფიციალურ განცხადებებიც და კონკრეტულ ქმედებებიც. არგუმენტად მოჰყავთ ექიმების სკანდალიც, როდესაც პოლონელი მედიკოსები "ვივამედის" კლინიკიდან ანალიზების გაყალბების მიზნით, ფარულად ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანას.

პოლონეთის მთავრობის ბოლო კრიტიკული განცხადება საქართველოზე ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან ერთობლივად 10 მარტს გაკეთდა. რომლის მიხედვითაც, ოფიციალური ვარშავა თბილისში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა - გრანტების შესახებ და მას რეპრესიული უწოდა. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემდეგ, პოლონეთშია გადარეგისტრირებული ზოგიერთი ქართული ენჯეოც.

დღის ამბები