07 აგვისტო 2026,   23:54
ვრცლად
პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლების გამოყენება იკრძალება - მომავალი წლის თებერვლიდან კი, ასევე იკრძალება პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოება-რეალიზაცია

პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება იკრძალება, მომავალი წლის თებერვლიდან კი, პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

აკრძალვებთან ერთად გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მაგალითად. შეზღუდვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე. გამონაკლისი სახით აკრძალვა ასევე არ ვრცელდება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.

დადგენილება უკვე მიღებულია, განსაზღვრულია თარიღებიც, რომლის მიხედვით, პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ, ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

დადგენილებით განსაზღვრული აკრძალვები არ შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას. ასევე, გათვალისწინებულია გამონაკლისებიც, თუ რა ზომის და სახეობის პროდუქციაზე გავრცელდება კონკრეტული შეზღუდვები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი, გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაციები - არსებობს კომპეტენტური უწყებების მიერ მომზადებული ოფიციალური კვლევები, რომლებიც პლასტმასის მავნე ზეგავლენაზე მიუთითებენ და მისი მოხმარების შემცირების რეკომენდაციებს გასცემენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, კვლევები საქართველოშიც ჩატარდა. შედეგები პლასტმასის მომხმარების საგანგაშო ზრდას აჩვენებს. პლასტმასის დასამზადებლად, დაახლოებით, 10 000 ქიმიური ნივთიერებაა საჭირო, აქედან, დაახლოებით 25 პროცენტი, სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია. სურსათისა და სასმლის შესაფუთად გამოყენებული პლასტმასის საცავებიდან კი, მავნე ნივთიერებები არა მხოლოდ გარემოში, არამედ ადამიანის ორგანიზმში მარტივად ხვდება.

ახალ რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები. კანონმდებლების განცხადებით, შესაძლოა ახალი მექანიზმები ბიზნესისთვის თავდაპირველად რთულად აღსასრულებელი იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორიც, რომლის გათვალისწინებით გრძელვადიან პერიოდში გარემოზე პლასტმასის პროდუქციით გამოწვეული მავნე ზეგავლენის პრევენცია, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.

პლასტმასის გარკვეული პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება, საქართველოს მთავრობამ 12 მარტს მიიღო.

დღის ამბები