ისრაელის გამანადგურებლებმა თეირანის ცენტრში საჰაერო რეიდი იმ დროს დაიწყეს, როდესაც დედაქალაქში ასობით ათასი მოქალაქე პალესტინის მხარდამჭერ ყოველწლიურ დემონსტრაციაზე იყო შეკრებილი. აფეთქებების დროს, ფერდოუსის მოედანზე ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები.
თეირანთან ერთად, "ცაჰალის" სამიზნე, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე 200-ზე მეტი ობიექტი გახდა. ისრაელის ავიაციამ ქვეყნის ათ რეგიონში განლაგებულ პოზიციებზე იერიში ერთდროულად მიიტანა. შირაზსა და აჰვაზში განადგურებულია სარაკეტო ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მართვის ცენტრები და სტრატეგიული დანიშნულების მიწისქვეშა კომპლექსები.
ისრაელის და შტატების სამიზნე, ირანის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ქვეყნის მთავრობის წევრებიც არიან. ამერიკის ომის მდივანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია.
ირანის მხრიდან განხორციელებული დარტყმების სამიზნე გახდა ისრაელიც. ირანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთით, ნაზარეთთან მდებარე სოფელ ზარზირში, საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები დაზიანდა. აფეთქებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, პარალელურად კი ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კამპანიის დროს, დანაკარგები განიცადა შეერთებული შტატების ავიაციამაც. ერაყის დასავლეთ ნაწილში ამერიკული თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ეკიპაჟის ექვსივე წევრი. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრაგედია რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდება. თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ერაყში მოქმედმა დაჯგუფებამ "ისლამურმა წინააღმდეგობამ" აიღო.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე