ორდღიანი შეხვედრებისა და დაინტერესებული პირების ონლაინ გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაციით, მისიამ ბოლო ორი წლის მოვლენები შეაფასა და 200 გვერდიან დოკუმენტში ჩაწერა."მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში, საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს ვენაში ერთადერთი მომხსენებელი ჰყავდა - პოლონელი პროფესორი პატრიცია გრიჟებიკი. ექსპერტებმა შეაგროვეს წერილობითი განცხადებები და საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები. სწორედ ამის საფუძველზე დაწერეს, რომ საქართველოში მკვეთრი დემოკრატიული რეგრესია. დაასკვნეს, რომ უნდა გადაიხედოს გენდერული პოლიტიკა და უნდა გაუქმდეს კონკრეტული კანონმდებლობა, რადგან ის ზღუდავს ოპოზიციას, ენჯეოებს და ჟურნალისტებს. საუბარია ამერიკული "ფარას" ანალოგის, გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონებზე. მოთხოვნილია დაკავებულების გათავისუფლებაც.
ეუთოს მისია რეკომენდაციებით მიმართავს სხვა ქვეყნებსაც, განიხილონ სანქციების დაწესება და საქართველოში არსებული სიტუაციის საერთაშორისო სასამართლოში გადამისამართების საკითხიც, რაც ქართული მხარის განმარტებით, "მოსკოვის მექანიზმის" მანდატსაც სცდება. დასკვნის მომხსენებელს ეს ვენაშივე უთხრა ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა. ალექსანდრე მაისურაძის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ანგარიში მცდარად და პოლიტიზებულად შეფასდა. დოკუმენტი რომ მიკერძოებული იქნებოდა, ამაზე საქართველომ სერიოზული ეჭვი მაშინვე გამოთქვა, როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდა.
ანტიქართულ და ანტიდემოკრატიულ დოკუმენტად შეფასდა ანგარიში თბილისში, სადაც მკაფიოდ ამბობენ, რომ არ გააუქმებენ კანონებს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, იდენტობას და ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავს. სახელისუფლებო გუნდისთვის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა, ფაქტების ნაცვლად მხოლოდ დეზინფორმაციას და მანიპულაციას ეფუძნება, ისე როგორც ბრალდება ე.წ. კამიტის გამოყენებაზე.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სცენარი იდენტურია - ქვეყნის შიგნით ოპოზიციის დახმარება ქვეყნის გარედან, რომელიც რეალურად კოორდინირებული კამპანიის ნაწილია.
ანგარიშის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა გამოხმაურებები ოპოზიციის, მათი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სოციალურ ქსელში, სადაც წერდნენ, რომ დასკვნა უმძიმესია და ის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის განაჩენის ტოლფასია. გუშინვე გააკეთეს ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც.
არის თუ არა მთავარი ამ რეკომენდაციებში გამჭვირვალობის, "ფარას" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმება? - ამაზე ლიდერებს გუშინ არაფერი უთქვამთ, კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირდათ დღესაც, თუმცა ოპოზიციაში არ მალავენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაში წვლილი თავადაც შეიტანეს.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს განცხადებით გამოეხმაურა ერთიანი ნეიტრალური საქართველო. პარტია წერს, რომ დოკუმენტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები ფარსი და მხოლოდ შანტაჟის იარაღია. ბრიფინგი ჩაატარეს მემარცხენე ალიანსშიც.
ხელისუფლება არ აპირებს ისეთი რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის სურვილებს ეწინააღმდეგება - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც განმარტავენ, რომ კონკრეტული კანონები მათ ფაქტობრივად რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნების შედეგებით მიიღეს. მათი თქმით, კითხვებს აჩენს თავად დასკვნის მომზადების პროცესი. ამბობენ, რომ ე.წ. მოსკოვური მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციაც - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ, თავად ხელისუფლების ინიციატივა იყო, რასაც გარე აქტორები ახლა საკუთარ მოწოდებად წარმოაჩენენ.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდა ეუთოს წევრი იმ 24 ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რომლებიც თავად იყვნენ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების ინიციატორები. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ტექსტით ისინი საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, უკრაინა და მოლდოვა. ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, აშშ-მ და საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა ანგარიშს მხარი არ დაუჭირეს.